ამერკული სამხედრო კვლევითი ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 24 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, ქალაქი ხერსონის დასაცავად ემზადებიან და დასავლეთ ხერსონიდან, აქამდე არსებული ცნობების მიუხედავად, სრულად არ გადიან.
ანგარიშში ხაზგასმულია, უკრაინის დაზვერვის მეთაურის, გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვის 24 ოქტომბრის სიტყვები, რომ რუსეთის ძალები ქალაქი ხერსონიდან არ გადიან და ამის ნაცვლად ურბანული ბრძოლისთვის ემზადებიან.
ამისდა მიუხედავად, ISW-ს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ხერსონის ოლქის დასავლეთში რუსეთი დაუცველ პოზიციაშია და, სავარაუდოდ, უკრაინის ძალები ამ რეგიონს 2022 წლის ბოლოსთვის დაიბრუნებენ.
24 ოქტომბერს ხერსონის მარიოენტმა ადმინისტრაციამ ქალაქის ე.წ. ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების ფორმირება დაიწყო.
18 ოქტომბერს ხერსონის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ ხერსონში მდინარე დნეპრის მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროზე ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს. სალდოს განმარტებით, გადაწყვეტილება გამოწვეულია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაზიანებისა და რეგიონის დატბორვის საფრთხით.
18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.