საქართველოს პარლამენტი

მათიკაშვილმა კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლა სოფო კილაძის გაეროში არჩევას შეადარა

საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატ ანა აბაშიძესთან კითხვის დასმისას ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლა უმრავლესობის ყოფილი წევრის, ქსენოფობი კანდიდატის, სოფო კილაძის გაეროში ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად არჩევას შეადარა. 

მათიკაშვილმა გაიხსენა გაეროსადმი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ კილაძე არ უნდა აერჩიათ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად. ქართული ოცნების დეპუტატმა აბაშიძეს ჰკითხა, მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება გაუხარდა, რატომ ითხოვდა "დაბეჯითებით", არ დანიშნულიყო სოფო კილაძე, რომელიც "მუხლჩაუხრელად შრომობს".

დავით მათიკაშვილი: სახალისო თემით მინდა, დავიწყო. ფეხბურთი თუ გიყვართ? 

ანა აბაშიძე: ძალიან, გუშინწინ ვითამაშე ქუთაისში ძალიან მაგარ ფეხბურთელ გოგოებთან ერთად.

დავით მათიკაშვილი: ხვიჩა კვარაცხელიას ტრასნფერზეც გსმენიათ ალბათ, ხომ? ეს ახალი ამბავია შედარებით. აი, ბათუმის დინამოდან ტიტულოვან კლუბში რომ გადავიდა იტალიაში, რა განცდა დაგეუფლათ? 

ანა აბაშიძე: მე ყოფილი სპორტსმენი ვარ - მორბენალი ვიყავი, კიკგბოქსინგით ვიყავი ასევე დაკავებული. მე, როგორც სპორტსმენი, ვიყავი ძალიან ბედნიერი, როგორც მოქალაქე, ძალიან ბედნიერი. ახლაც ბედნიერი ვარ. დედაჩემმაც კი, რომელსაც არასდროს ფეხბურთისთვის არ უყურებია, გუშინ მიტხრა, ხვალ კია შენი მოსმენა, მაგრამ მე ახლა ხვიჩას ფეხბირთი ჩამირთეო. 

დავით მათიკაშვილი: ბედნიერი იყავით, რომ თქვენი თანამემამულე გადავიდა ტიტულოვან კლუბში და მეტი შანსი და საშუალება მიეცა თავის გამოჩენის, ჩვენი ქვეყნის გამოჩენის და ა.შ. დიდი მადლობა. თქვენ და ხვიჩას რომ რაღაც უთანხმოება გქონოდათ ერთმანეთთან, მაგალითად, მისი ფეხბურთის სტილთან ან ნათამაშებთან, ან სხვა საკიტხებთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ თქვენ, მისი გადასვლა ასევე გაგიხარდებოდათ, თუ მაინც გულში რაღაც მჯიღი დაგრჩებოდათ, რომ რაღაც პიროვნული უთხანხმოების გამო მისი წარმატებით შეიძლება ისე დაინტერესებული ვერ ყოფილიყავით ან ბედნიერი, როგროც იყავით ხვიჩასთან.  

ანა აბაშიძე: სკოლაში მყავდა ერთ მეგობარი, რომელიც ძალიან ცუდი ხასიათის იყო და ყოველთვის მასმენდა ხოლმე, მაგალითად, თუ რაღაცის გადაწერას ვეცდებოდი. მერე ამ ადამიანმა ბევრი იშრომა და წარმატებული მოხელეა ამ წუთას და საჯაროდ ვუთხარი, რომ ის არის ძალიან სწორი. ასე გიპასუხებთ მაგაზე. 

საპასუხოდ, დავით მათიკაშვილმა ანა აბაშიძეს სოფო კილაძის ბიოგრაფია წაუკითხა.

"მისი საქართველოდან წარდგენის მომენტში, როდესაც ეს ადამიანი გაეროში იყო წარდგენილი მისივე პროფილით - ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, თქვენ და კიდევ სხვა ორგანიზაციებმა, მაგრამ თქვენ განსაკუთრებით აქტიურობდით ამ კუთხით, ამ ორგანიზაციას მიმართეთ დიდი წერილით, სადაც უმტკიცებდით თქვენ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, პარტნიორებს, რომ ის იყო არაკომპეტენტური, ის თავს ესხმოდა ადამიანებს, უფლებებს არ იცავდა არც უფროსების, არც ბავშვების". - უთხრა მათიკაშვილმა ომბუდსმენობის კანდიდატს.

ოცნების დეპუტატმა ანა აბაშიძეს წაუკითხა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის წერილიც, რომელშიც ელჩი ქსენოფობი კანდიდატის მხარდასაჭერად არასამთავრობოებს კიცხავდა

"სოფო კილაძეზეა საუბარი, ყველა მიხვდა. იქნებ განგვიმარტოთ და საზოგადოებას უთხრათ, თქვენ, როგორც კანდიდატი სახალხო დამცველობის, როცა დიპლომატი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, გერმანიის ელჩი, გეუბნებათ პირდაპირ, რომ ამ დონემდე როგორ დაეშვით, ის რას გულსიხმობდა და ეს ყველაფერი, პირდაპირ რომ დავსვათ კითხვა და გავხსნათ ფრჩხილები, აი, იმ პირდული დაპირისპირების ნაყოფი ხომ არ არის, ქალბატონო ანა, რომელსაც თქვენ ასე ძალიან უარყოფდით სულ რამდენიმე წუთის წინ. ამასაც ამბობდით, თუკი მიკერძოებაში ვინმემ მამხილა, ეს იქნება ხაზის გადასმა ჩემი მთელი მოღვაწეობისთვის და ჩემთვის პიროვნული დაპირისპირებები არის წარმოუდგენელიო. ეს პიროვნული დაპირისპირებები ყველას გვახსოვს, ეს გამოხმაურება, რაც მოჰყვა იმ ორგანიზაციიდან, სადაც თქვენ დაბეჯითებით ითხოვდით, რომ თქვენი ქვეყნის შვილი, ისევე, როგორც ხვიჩა კვარაცხელიაა, სადაც ის მუხლჩაუხრელად შრომობს, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ბავშვების დასაცავად, არ დანიშნულიყო, არ არჩეულიყო. პასუხი გამეცით - არის ეს მიკერძოებულობა, იყავით თქვენ პირადად დაპირისპირებაში სოფო კილაძესთან, შეშვენის თუ არა მომავალ სახალხო დამცველს ასეთი საქციელი და იქნება თუ არა ის ის სახალხო დამცველი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ბავშვები და ყველა დანარჩენი იმსახურებს". - მიმართა მათიკაშვილმა აბაშიძეს. 

ანა აბაშიძემ ოცნების დეპუტატს უპასუხა, რომ მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ, ხვიჩა კვარაცხელია კარგი სპორტსმენია, მაგრამ მასთან ვინმეს შედარება არასწორია. 

"ყველას კრიტიკა შეიძლება, მათ შორის, ბატონი გერმანიის ელჩის. მეორე, შევთანხმდეთ იმაზე, რომ თქვენი შეკითხვა აპრიორი იქიდან ამოდის, რომ ქალბატონი კილაძეც და ბატონი გერმანიის ელჩიც აბსოლუტურად სწორები იყვნენ, რასაც ამბობდნენ. ამიტომ, თქვენი შეკითხვა, ნება მომეცით, გითხრათ, რომ იმთავითვე სუბიექტურია. თქვენ არ გსურთ, ობიექტური დაინახოთ, იმიტომ, რომ განმსჭვალული ხართ თანხმობით, რომ ისინი იყვნენ მართლები. მე ბედნიერი ვიქნებოდი, უბრალოდ ციტირება გაგეკეთებინათ და დაგესვათ ნეიტრალური შეკითხვა. კი, მე გავაკრიტიკე ქალბატონი სოფიო კილაძე და, უფრო მეტიც - მე თქვენთანაც მაქვს შეკითხვა, რატომაც ვაკრიტიკებდი სოფიო კილაძე, აი, ამ შენობაში ეთიკის დარღვევის შესახებ განაცხადი გავაკეთე, რომელზეც თქვენ არ იმსჯელეთ. ეს რიტორიკული კითხვაა, თუმცა, არც ისე, ბევრი თვეა ველოდები პასუხს და არავინ არ მწერს.   

მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ის კაცი [ჰუბერტ კნირში] მას ჰკითხეთ - არანაირი ავტორიტეტი არ არის არავინ, მათ შორის, არც გერმანიის ელჩი, რომელმაც, პირდაპირი მნიშვნელობით, პერსონალური მიმოწერა გაასაჯაროვა ჩემთან, დადო ფეისბუქ გვერდზე. თუ თქვენ როდესმე იქნები სახალხო დამცველი, მაინტრესებს, რას ფიქრობთ ამაზე". - უთხრა ანა აბაშიძემ მათიკაშვილს. 


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, სოფიო კილაძის გამონათქვამებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. ლგბტქ+ ორგანიზაციები წლების განმავლობაში ითხოვდნენ კილაძის გადადგომას, რადგან, მათი შეფასებით, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უგრძნობი და მტრულად განწყობილია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის მიმართ.

2018 წელს არასამთავრობოების პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ადამიანის უფლებათა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, 17 მაისის აღნიშვნა გაწერილი იყო, თუმცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ თქვა, რომ "არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა". 

ამას მოჰყვა ლგბტ აქტივისტების აქცია, სადაც მათ კილაძის გადადგომა მოითხოვეს. იქვე გაიმართა ჰომოფობთა და ტრანსფობთა ჯგუფის კონტრაქციაც, რომლებმაც ლგბტ აქტივისტებს კვერცხები დაუშინეს. 

გარდა ამისა, სოფიო კილაძე  LGBT პირებისადმი ძალადობაზე ფიქრობდა, რომ "მედიაც უწყობს ხელს ამით აჟიტირებას და პროპაგანდას". ის ასევე მიიჩნევდა, რომ "ქორწინება ქალის და კაცის ერთობაა და ამას მთელი საზოგადოება მიესალმება" . 2020 წელს კი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობაზე Tbilisi Pride-ის დამფუძნებელს უარი უთხრა. აქვე აღსანიშნავია, რომ ლგბტ აქტივისტები 17 მაისს ვერ ახერხებენ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას, ისინი 2013 წელს ძალადობრივად დაარბია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა კონტრაქციამ. ლგბტ აქტივისტების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე სახელმწიფო არ ზრუნავს და არ იცავს მათი კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

სოფო კილაძე 2019 წელს რელიგიის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა - უმცირესობის წარმომადგენელი არაერთი სასულიერო ლიდერის განცხადებით, მისი მოქმედებები მიმართული იყო უმცირესობათა რელიგიურ ავტონომიაში ჩარევისა და დენომინაციების დახარისხებისკენ.

იმავე სულისკვეთებას ვხედავთ სახალხო დამცველის 25 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის არგუმენტით, საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, შეიქმნა რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. თუმცა სამუშაო ჯგუფის შეკრების პირველივე დღიდან მთავარ საკითხად რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღების საკითხი განიხილებოდა.

სოფო კილაძეს, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, იმის გამოც აკრიტიკებდნენ, რომ მას მისი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენაზე რეაქცია არ ჰქონია. კოალიციამ თანასწორობისათვის 2019 წლის დასაწყისში შეშფოთება გამოთქვა სოფო კილაძის უმოქმედობის გამო, "რომელმაც ვერც სიძულვილის ენის გამოყენების აღკვეთა შეძლო და არც საკუთარი კოლეგის მიერ ამგვარი ენის გამოყენებას გაემიჯნა".

მოგვიანებით, 26 ივნისს, სოფო კილაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ისინი სამშობლოს მტრებად შერაცხა:

"დიდი ხანია, ქვეყნის შიგნით ვიცით, რომ NGO-ების ნაწილი ებრძვის თავის სამშობლოს, მაგრამ ახლა, მთელმა მსოფლიომ გაიგო ამ განცხადებით, რომ ისინი ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს".

კომენტარები