დიდი ბრიტანეთი

ვინ არის ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი რიში სუნაკი?

Charlie Bibby/FT

გაერთიანებული სამეფოს მეფეზე მდიდარი რიში სუნაკი დღეს ოფიციალურად გახდება ქვეყნის პირველი ინდური წარმოშობის და ინდუისტი პრემიერმინისტრი. 

42 წლის ასაკში სუნაკი 1812 წელს არჩეული პრემიერის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იქნება, რომელიც ქვეყანას უხელძღვანელებს

ახალგაზრდობა

სუნაკი საუთჰემპტონში 1980 წელს დაიბადა. მისი მშობლები ინდოელები არიან, რომლებიც დიდ ბრიტანეთში აღმოსავლეთ აფრიკიდან გადავიდნენ. მამა - ექიმია, დედა კი საკუთარ აფთიაქს მართავდა. სუნაკი სამი შვილიდან უფროსია. მან განათლება კერძო სკოლაში - უინჩესტერის კოლეჯში მიიღო, სადაც სწავლა წელიწადში 43 335 ფუნტი ღირს. 

"გაერთიანებული სამეფო შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ უდავოა, რომ ჩვენ ღრმა ეკონომიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ახლა ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ერთიანობა. და ჩემს მთავარ პრიორიტეტად ჩვენი პარტიისა და ქვეყნის გაერთიანებას მივიჩნევ". - დაწერა სუნაკმა მაშინ, როცა პარტიის ხელმძღვანელობის სურვილი დაადასტურა.

სუნაკმა სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო, პოლიტიკის, ფილოსოფიისა და ეკონომიკის მიმართულებით. მოგვიანებით მან მაგისტრის ხარისხი, ამჯერად ბიზნეს ადმინისტრირებაში, სტენფორდის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც გაიცნო აკშატა მურტი - მისი მომავალი მეუღლე. 

ოჯახი

სუნაკის ცოლი - 42 წლის მერტი მილიარდერის, ნ.პ. ნარაიანა მურთის ქალიშვილია. მერტის მამას ხშირად უწოდებენ ინდოეთის ბილ გეითს, რომელმაც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია - Infosys-ის დააარსა. გავრცელებული ინფორმაციით, მის ქალიშვილს კომპანიაში 0,91%-იანი წილი აქვს, რაც დაახლოებით 700 მილიონი ფუნტის ეკვივალენტია. 

წყვილი 2009 წელს დაქორწინდა - 2-დღიან ცერემონიას ქალაქ ბენგალურუში 1 000 სტუმარი დაესწრო. სუნაკს 2 ქალიშვილი - კრიშნა და ანუშკა, ჰყავს. 

ამ წლის აპრილში გაირკვა, რომ სუნაკის ცოლი, მერტი რეგისტრირებული იყო, როგორც სხვა ქვეყანაში მცხოვრები დიდი ბრიტანეთის რეზიდენტი. ამით იგი საერთაშორისო შემოსავლებზე ბრიტანეთის გადასახადებს თავიდან ირიდებდა. თუ მერტი გადასახადს გადაიხდის, იგი დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტში 20 მილიონ ფუნტზე მეტს შეიტანს. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, მისმა სპიკერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ზეწოლის შესამსუბუქებლად იგი გადასახადების გადახდას დაიწყებდა. 

სუნაკისა და მერტის ერთობლივი ქონება 730 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული, რაც ორჯერ აღემატება მეფე ჩარლზ III-ისა და კამილას ქონებას.

სიმდიდრის გამო, რიში სუნაკს ხშირად აბრალებენ, რომ ხალხის პრობლემები და "რეალური სამყარო" მისთვის უცხოა. ვირუსულად გავრცელად ვიდეო, სადაც სუნაკი კოკა-კოლას ყიდვას ცდილობს და გამყიდველს გასატარებლად პროდუქტის ნაცვლად, ბარათს აწვდის. მანამდე კი ოპონენტები სუნაკის ახალგაზრდობაში გადაღებულ ვიდეოს იყენებდნენ, სადაც პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ არ ჰყავს მეგობრები, რომლებიც მუშათა კლასს ეკუთვნიან. "სტუდენტობისას ყველას გვითქვამს სისულელე". - თქვა სუნაკმა ვიდეოს პასუხად. 

პოლიტიკური კარიერა

რიში სუნაკმა პოლიტიკურ წარმატებას საკმაოდ მალე მიაღწია - დეპუტატობიდან პრემიერმინისტრი 7 წელში გახდა. შედარებისთვის, იმავე შედეგს დევიდ კამერონმა 9 წელში მიაღწია. 

სუნაკი პარლამენტში 2015 წელს მოხვდა. იგი 2016 წლის რეფერენდუმისას ბრექსიტს უჭერდა მხარს.

სუნაკი, ალბათ, ყველაზე ცნობილია პანდემიის დროს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტის მომზადებით. მან კაბინეტი ივლისში დატოვა, რითაც ხელი შეუწყო ბორის ჯონსონის გადადგომას.

სუნაკი თავიდანვე ამბობდა, რომ თრასის გადასახადების გეგმა საპროცენტო განაკვეთის გაზრდას გამოიწვევდა.

მას შემდეგ, რაც სუნაკმა, რომლის კარიერაც ფისკალური კონსერვატიზმით ხასიათდება, დეპუტატთა მხარდაჭერა მოიპოვა, აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი დიდ ბრიტანეთს ჰქონდეს ეფექტური ეკონომიკა, დაბალი გადასახადებით.

კომენტარები