დიდი ბრიტანეთი

პრემიერმინისტრად ნომინირებისთვის საჭირო მხარდაჭერა ჯერ მხოლოდ რიში სუნაკს აქვს

Pooled photo by Dan Kitwood/WPA via Getty Images

დიდი ბრიტანეთის ყოფილ კანცლერს, რიში სუნაკს პრემიერმინისტრის პოსტისთვის საბრძოლველად უკვე საჭირო სულ მცირე 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა აქვს. 

რიში სუნაკი ბევრად უსწრებს თავის კონკურენტებს - ბოლო მონაცემებით, მას მხარს მინიმუმ 129 კონსერვატორი დეპუტატი უჭერს. საჯარო მხარდაჭერას 55 დეპუტატი ბორის ჯონსონს უცხადებს, 23 კი პენი მორდონტს. 

დეპუტატთა დიდმა ნაწილმა შეიძლება საჯაროდ არ თქვას, ვის უჭერს მხარს. თუმცა, დარჩენილი უმრავლესობა, დიდი ალბათობით, თავის გადაწყვეტილებას დღეს, 23 ოქტომბერს იტყვის. წარმოდგენილი მონაცემები კი მხოლოდ იმ დეპუტატების პასუხებითაა შედგენილი, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილება BBC-თან დააფიქსირეს. 

კანდიდატს ნომინირებისთვის სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. სულ 357 კონსერვატორი დეპუტატია, მათგან 207-ის პოზიცია ცნობილია. თუ ორზე მეტი კანდიდატი მოიპოვებს 100-ზე მეტი კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერას, ყველაზე მცირე რაოდენობის მქონე გავარდება და ორ კანდიდატს შორის პარტიის ლიდერი ფარული კენჭისყრით აირჩევა.

კომენტარები