დაკავება პროსტიტუციის ბრალდებით

შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის 6 პირი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, 1967 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ფ.ა.-ს, 1964 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ჯ.-ს, 1954 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1989 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს, 1982 წელს დაბადებულ ს.ფ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ედებათ ბრალი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში მდებარე სასტუმროების -ჰოტელისა და ტიტანიკის ნომრებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ".- აღნიშნულია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები