ძაღლები

"საშიში ძაღლები" – როგორია დასავლური ქვეყნების გამოცდილება

ძაღლები

"საშიში ძაღლები" – როგორია დასავლური ქვეყნების გამოცდილება

ბოლო კვირების განმავლობაში თბილისსა და რუსთავში პიტბულის ჯიშის ძაღლებმა მოქალაქეები რამდენჯერმე დაკბინეს. თავდასხმის ფაქტების გახშირების პასუხად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა, კახაბერ იოსელიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კონკრეტული მებრძოლი ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, ასევე, დაწესდეს სხვადასხვა სახის მკაცრი რეგულაცია. იოსელიანის ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში შეტანილია და მისი განხილვა საშემოდგომო სესიებზეა დაგეგმილი.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დაგეგმილია ძაღლების ნუსხის შექმნა. ასევე შესაძლებელია განისაზღვროს კონკრეტული მახასიათებლებიც, რისი გათვალისწინებითაც ძაღლი საფრთხის შემცველად ჩაითვლება. მისი თქმით, შესაძლებელია ისიც, რომ ჯიშის გამრავლება არ აიკრძალოს, მაგრამ მათ მეპატრონეებს დამატებითი მოთხოვნები დაუწესდეთ, მაგალითად, გასეირნებაზე.

კანონის მიღების შემთხვევაში, ცვლილება არ შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ჯიშის ძაღლები ახალი კანონპროექტის მიღებამდე ჰყავდათ. თუმცა, "აგრესიული ჯიშის ძაღლების" გასეირნების დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ საათებში ალიკაპისა და საბმელის გამოყენება გახდება სავალდებულო.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი აღნიშნავს, რომ საქართველო ცხოველების უფლებების დაცვის სფეროში მოწინავე ქვეყნების გამოცდილება გაიზიარებს.

კონკრეტულ ჯიშებთან დაკავშირებული კანონმდებლობა სხვადასხვა ფორმით 52 ქვეყანაში მოქმედებს, მათგან 41-ში - ჯიშებზე დაწესებული აკრძალვები და შეზღუდვები ეროვნულ დონეზეა გაწერილი.

აშშ-ში კონკრეტულ ჯიშებთან დაკავშირებული კანონმდებლობა 37 შტატსა და 1 000-ზე მეტ ქალაქში გვხვდება. შტატების მიხედვით განსხვავებულია შეზღუდვების ფორმები, თუმცა, რეგულაციები ძირითადად პიტ ბულებს და ე.წ. პიტ ბულის ტიპის ძაღლებს ეხებათ. შტატების ნაწილში ამ ტიპის ძაღლების შეძენა, გამრავლება და შეყვანაა აკრძალული, ნაწილში კი, მათი ფლობა შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია მათი რეგისტრირება, ქუჩაში ალიკაპით ტარება და კასტრაცია/სტერილიზაცია.

რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, გამოსარჩევია დიდი ბრიტანეთის მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ ჯიშებთან დაკავშირებული კანონმდებლობა 1991 წელს მიიღო. ჩანაწერში, რომელიც კონკრეტული ძაღლების ფლობას და გამრავლებას კრძალავს, თავდაპირველად პიტ ბული [ასევე, პიტ ბულის ტიპის ძაღლები] და იაპონური ტოსა მოხვდნენ. შესწორების შემდეგ კი, სიას არგენტინული დოგი და ფილა ბრაზილიური მასტიფი დაემატა. ბრიტანეთში შესაძლებელია ზემოხსენებული ძაღლების ფლობის უფლება გამონაკლისის სახით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში აუცილებელია მისი რეგისტრირება, დაჩიპვა, ტატუირება, კასტრაცია/სტერილიზაცია და სეირნობის დროს ალიკაპის გამოყენება.

გერმანიაში აკრძალულია ამერიკული პიტ ბულ ტერიერის, ამერიკული სტაფფორდშირის ტერიერის, სტაფფორდშირის ბულ ტერიერის, ინგლისური ბულ ტერიერის, არგენტინული დოგისა და ტოსა ინუს იმპორტი, კანონი ეხება მათ ნაჯვარებსაც. ქვეყნის სხვადასხვა ფედერაციულ რეგიონში კი ჩამონათვალი იზრდება.

საფრანგეთში სავალდებულოა ნებისმიერი პიტ ბულის მსგავსი ნაჯვარი ძაღლის კასტრაცია ან სტერილიზაცია.

საინტერესოა პორტუგალიის მაგალითიც, სადაც ამერიკული პიტ ბულის, ამერიკული სტაფფორდშირის ტერიერის, სტაფფორდშირის ბულ ტერიერის, ტოსა ინუს, არგენტინული დოგის და ბრაზილიური მასტიფის ყოლა შეიძლება, თუმცა მათმა პატრონებმა რეგისტრაციის დროს საკუთარი კრიმინალური წარსულიც [ასეთის არსებობის შემთხვევაში] უნდა წარმოადგინონ. ასევე, აუცილებელია ამ ჯიშის ძაღლების გასეირნებისას ალიკაპის გამოყენება, მათი რეგისტრირება და სტერილიზაცია/კასტრაცია.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიები განსხვავებულია თუმცა ყველა ასეთ სიაში შეხვდებით პიტ ბულს, ამერიკულ სტაფფორდშირის ტერიერს, სტაფფორდშირის ბულ ტერიერს, ტოსა ინუს, არგენტინულ დოგსა და ბრაზილურ მასტიფს.

ზემოხსენებულ სიაში მყოფი პირველი ოთხი ძაღლი გასულ საუკუნეში სპეციალურად ძაღლების ჩხუბებისთვის გამოიყვანეს. მათი სხეულის უდიდესი ნაწილი კუნთოვანი მასაა, გამორჩეულია მათი გამძლეობის უნარიც და ენერგიაც. ასევე, განსხვავებულია მათი ყბები და ყბა-სახის ძვლოვანი სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნეში ძაღლების ჩხუბი არაერთ დასავლურ ქვეყანაში აიკრძალა [ბრიტანეთში სულაც მე-19 საუკუნეში], სისხლიანი შეჯიბრებები არალეგალურად დღემდე იმართება.

რაც შეეხება არგენტინულ დოგსა და ბრაზილიურ მასტიფს, ეს ჯიშები მათზე გაცილებით დიდი ზომის ცხოველებზე სანადიროდ გამოიყვანეს [მათ შორის გარეულ ტახზე, ამერიკულ კამეჩზე და ა.შ.]. შესაბამისად, გამორჩეულია მათი ფიზიკური მონაცემებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით დასავლური ქვეყნები კონკრეტულ ჯიშებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე მეტნაკლებად შეთანხმებულნი არიან, შეზღუდვებს ჰყავს მოწინააღმდეგებიც, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Blue Cross აცხადებს, რომ კანონში არსებული ჩანაწერი "პიტ ბულის მსგავსი ძაღლები" ზოგადია, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ხშირად უსაფუძვლოდ იჩაგრებიან ძაღლები, რომლებიც კანონის თვალით, მათი ვიზუალის გამო "საშიშად" მიიჩნევიან. მათი თქმით, კანონი გენეოლოგიურ ხეს, ძაღლის მშობლებს, DNM-ის ტესტსა და ქცევას კი არ ითვალისწინებს, არამედ დაფუძნებულია მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე, რომელიც განუსაზღვრელია და კონკრეტული სამართალდამცველის თვალს ეყრდნობა.

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შემზღუდავი კანონმდებლობა არაეფექტურია. მათი თქმით, კანონის არსებობა თავდასხმების სტატისტიკაზე ნაკლებად აისახება და უფრო მნიშვნელოვანი ძაღლის პატრონების შერჩევა და კონტროლია. კერძოდ, მათი აზრით, აუცილებელია ასეთი ძაღლების სპეციალურ სკოლებში ტარება და მინიმუმ 3 თვის განმავლობაში პროფესიონალების მიერ გაწვრთნა. Შემდეგ კი ამ ძაღლებისთვის ჩიპის ჩადგმა და წლიური მონიტორინგი.
 

კომენტარები