გაზის ტარიფი

სემეკი: ტყუილი და პროვოკაციაა, თითქოს დეკემბერში გაზის ტარიფი იზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მტკიცებით, ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის. მათი განცხადებით, ტყუილი და პროვოკაციაა, თითქოს დეკემბერში გაზის საფასური იზრდება.

"მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "სემეკის ხელმძღვანელი ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს" არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. 

მიმდინარე წლის ივლისიდან სემეკში მიმდინარეობს გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით.  იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად, მოქმედი ბუნებრივი გაზის ტარიფები დადგენილია მიმდინარე წლის ბოლომდე,  საჯარო წარმოების ფარგლებში კომპანიებს ტარიფები დაუდგინდებათ მომდევნო წლებისთვის. 

სემეკის თავმჯდომარემ ჟურნალისტების მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფებზე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული პარამეტრების გათვალისწინებით ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.   

მთავარი არხის მიერ გაკეთებული არასწორი ინტერპრეტაცია და  წინასწარ გაკეთებული დასკვნები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული მედია კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სემეკი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები