რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: ევროკავშირი ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციებს დაუწესებს

შაჰედის ტიპის დრონები ირანის წვრთნებზე

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები უკრაინაში რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენების გამო ირანელ გენერლებსა და კომპანიებზე ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდებიან. ამის შესახებ ოთხმა დიპლომატმა და საფრანგეთის ოფიციალურმა პირმა 19 ოქტომბერს ისაუბრეს.

უკრაინის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვირებში რუსეთი იერიშების დროს აქტიურად იყენებს ირანულ Shahed-136-ის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონებს. თეირანი მოსკოვისთვის შეიარაღების მიწოდებას უარყოფს. რუსეთი კომენტარს არ აკეთებს.

ევროკავშირის 27 ქვეყნის სანქციების ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ სიაში შეიყვანონ სამი ირანელი გენერალი და უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია.

Reuters-ის ინფორმაციით, მათთან ორმა დიპლომატმა თქვა, რომ სანქციები დაუწესდება შაჰედის საავიაციო ინდუსტრიას, კომპანიას, რომელიც დრონებს აწარმოებს და ასევე ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ბრიგადის გენერალს, საიდ აღაჯანის, რომელსაც ირანის დრონების პროგრამა აბარია. მასთან ერთად, სანქციები დაუწესდება კიდევ ორ გენერალს. საიდ აღაჯანი რამდენიმე დღის წინ შევიდა აშშ-ს მიერ სანქცირებულ პირთა სიაში.

სანქციები, რომელთა დაწესებასაც აპირებენ, მოიცავს აქტივების გაყინვასა და მგზავრობის შეზღუდვებს.

Reuters-ის დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის მთავრობებს სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილების მისაღებად ვადა ხუთშაბათის, 20 ოქტომბრის დილამდე აქვთ.

კომენტარები