რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, უკრაინის, მათ შორის რუსეთის მიერ ახალანექსირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონებში დაწესდა რეაგირების საშუალო დონე, ცენტრალური და სამხრეთის ფედერალური ოლქების დანარჩენ რეგიონებში კი მაღალი მზადყოფნის დონე. ასევე, განკარგულების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის დანარჩენ სუბიექტებში გამოცხადდა საბაზისო მზადყოფნის დონე.
რეაგირების საშუალო დონე ეხება ანექსირებულ ყირიმს, კრასნოდარს, ბელგოროდს, ბრიანსკს, ვორონეჟს, კურსკს, როსტოვსა და სევასტოპოლს. ეს გულისხმობს, რომ რეგიონების ლიდერებს ეძლევათ ძალაუფლებას ეკონომიკის დარგში მობილიზაციის ღონისძიებების ჩატარებაში, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ტერიტორიულ თავდაცვაში, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებში, ტერიტორიის მცხოვრებთა ბუნებრივი და ტექნოგენური სახის სიტუაციებისგან დაცვაში. ასევე, ეძლევათ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების, სამხედრო ფორმირებების, ორგანოებისა და მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ზომების მიღების ძალაუფლება.
ამას გარდა, ამ რვა რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობებს მოუწევთ დამატებითი ზომების მიღებაც. მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის გამტკიცება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამხედროების, მნიშვნელოვანი სამთავრობო და სპეციალური, ასევე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების, ენერგეტიკის ობიექების, მოსახლეობის ჯანრმთელობისთვისა და სიცოცხლისთვის, ბუნებისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების, ტრანსპორტის ფუნქციონირების დაცვა.
ამ რეგიონების მეთაურებს ეძლევათ უფლება ჩაატარონ მაცხოვრებლების დროებითი გასახლებები და მათი უსაფრთხო რაიონებში გადაყვანა. შეეძლებათ მათ ტერიტორიებზე გასვლისა და შემოსვლის განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებაც.
მაღალი მზადყოფნისა და საბაზისო მზადყოფნის რეჟიმებში რეგიონების ლიდერებს ასევე ეძლევათ გარკვეული უფლებამოსილებები, თუმცა უფრო მცირედ.
მაქსიმალური რეაგირების დონე გამოცხადებულია მხოლოდ რუსეთის მიერ ახალანექსირებულ ოთხ რეგიონში, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
19 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.





