ვაკის პარკი

გიგაშვილი: ჩართულ შადრევანში ხელით შევხებივარ წყალს, არანაირი პრობლემა არ არსებობდა

თბილისის მერია

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის თქმით, ის თავად მონაწილეობდა ვაკის პარკის შადრევნის მექანიკურ გასწორებაში, შეხებია წყალსაც, თუმცა ტერიტორიაზე არანაირი, მათ შორის არც ელექტროენერგიის პრობლემა არ არსებობდა.

"მე პირადად ამ კონკრეტულ შადრევანზე, ჩართულ შადრევანზე მიღებული მაქვს მონაწილეობა მექანიკურად გასწორებაში, ხელით შევხებივარ წყალსაც და ასე შემდეგ. არანაირი პრობლემა, არც დენის, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არ არსებობდა". – ამბობს გიგაშვილი.

მერიის წარმომადგენლის თქმით, ვაკის პარკის შადრევნის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, ყველა მიღება-ჩაბარების აქტს  ექსპერტიზა ჩაუტარდა აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ, ასევე, ლაბორატორიის მიერ ტექნიკური ზედამხედველობა გაეწია. 

"პირადად მე სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩემი ბრალეულობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი ვაგო. ყველა დოკუმენტაცია, რაც ამ ტენდერს ეხება, არის საჯარო. ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 22 სექტემბერს, როდესაც დაიწყო სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ობიექტის მთლიანი ან ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება. დღეის მდგომარეობით, შვიდი ეტაპი გვაქვს გავლილი. ექვსი დამოწმებულია და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია. ყველა მიღება-ჩაბარების აქტს, რაც მერიაშია წარმოდგენილი, ექსპერტიზა ჩაუტარდა, ასევე, ტექნიკური ზედამხედველობა აქვს გაწეული ლაბორატორიის მიერ". – თქვა გიგა გიგაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისას, წარმოდგენილი ინფორმაციით, ვაკის პარკში ყველა სამუშაო პროექტის შესაბამისად ჩატარდა.

"როდესაც ხელი მოვაწერე მიღება-ჩაბარების აქტს, წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდებოდა და პრაქტიკაშიც გატესტილი იყო, რომ ტერიტორიაზე ჩატარებული ყველა სამუშაო პროექტის შესაბამისად განხორციელდა. ეს შადრევანიც რეგულარულად მოწმდებოდა, გამართულად მუშაობდა თუ არა. არცერთ დღეს, არცერთ ეტაპზე მას ექსპლუატაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ ჰქონია". – ამბობს გიგაშვილი.

ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე პროგნოზით, მოზარდი მალე გაეწერება. 13 წლის ბიჭი აპარატიდან გუშინ, 14 ოქტომბერს მოხსნეს. მას ახლადგახსნილი ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა. შადრევანში დაშავდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილიც, რომელიც მალევე კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის გულის გაჩერებით შეიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები