თურქეთი

თურქეთის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, 1 ადამიანი დაკარგულია

REUTERS

თურქეთში, ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ინფორმაცია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ გაავრცელა. 

აფეთქების დროს მაღაროში 110 ადამიანი იმყოფებოდა, ტერიტორიაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, 58 პირი იყო. მაშველებმა მათი ნაწილი გამოიყვანეს, ნაწილმა კი ამოსვლა თავად მოახერხა. 

"იმ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ხანძარია. მაღაროელებმა და ჯგუფმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო, რათა საკუთარი ძმები იქ არ მიეტოვებინათ". - თქვა მინისტრმა.  

აფეთქების ადგილიდან გამოყვანილი 11 ადამიანი კლინიკაში მოათავსეს - მათგან 1 უკვე გაეწერა, 10 კი მკურნალობას განაგრძობს. 

მაღაროში აფეთქება გუშინ, 14 ოქტომბერს მოხდა. სოილუს ცნობით, აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით, 300 მეტრის სიღრმის ადგილზე მოხდა -  მაღაროელები 300-დან 350 მეტრის სიღრმის ტერიტოიაზე "სარისკო" ზონაზე მუშაობდნენ.  

აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები