თურქეთი

თურქეთში მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Getty Images

თურქეთში, ბართინის პროვინციაში მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

მაღაროში აფეთქება გუშინ, 14 ოქტომბერს მოხდა - შემთხვევის დროს ადგილზე, დაახლოებით, 110 ადამიანი 300 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა.   

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას ინფორმაციით, მაღაროდან 11 ადამიანი გამოიყვანეს - მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.  

მაშველები მაღაროსთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ - ცდილობდნენ, აფეთქების ადგილი ქვებისგან გაეწმინდათ, რათა გადარჩენილ ადამიანებამდე ჩაეღწიათ. 

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოლუს ცნობით, აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით, 300 მეტრის სიღრმის ადგილზე მოხდა - 49 ადამიანი 300-დან 350 მეტრის სიღრმის ტერიტორიაზე "სარისკო" ზონაზე მუშაობდა.  

"არიან ადამიანები, რომელთა ადგილიდან გამოყვანასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ". - თქვა მინისტრმა. 

აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები