ვაკის პარკი

მინისტრის მოადგილე: ბავშვები დილიდან არ იყვნენ გაკვეთილზე, დამრიგებელმა მშობლებს აცნობა

თამარ მახარაშვილი

განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი აცხადებს, რომ მოზარდები, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, 55-ე სკოლის მოსწავლეები არიან. მისი ინფორმაციით, მოსწავლეები სკოლაში დილიდანვე არ მისულან და დამრიგებელმა მშობლებს ეს ფაქტი მაშინვე შეატყობინა. 

"55-ე საჯარო სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე, რეგულაციის მიხედვით, რომლითაც ვალდებულია დამრიგებელი, როგორც კი არ გამოცხადდება მოსწავლე სკოლაში, რეგულაციის დაცვით მან აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, ინფორმირება ჩვენი მხრიდან დამრიგებელმა განახორციელა. ის ვალდებულება, როდესაც ბავშვი არ ცხადდება სკოლაში, ეს ვალდებულება დამრიგებელმა შეასრულა".- ამბობს მინისტრი მოადგილე. 

13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მეორე მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. 

გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა -  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები