მკვლელობა

სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცემა, მოკვლით მუქარა – პროკურატურა თელავში ცოლის მკვლელზე

Tabula

პროკურატურამ თელავში ცოლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თელავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მოკლულს. გარდა ამისა, იგი ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს და მის დედას, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლს. ამ დანაშაულისთვის ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს

"პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის შეფარდება, თუმცა 6 ოქტომბერს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ ცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 2 000 ლარი შეუფარდა. 

პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა თავის მეუღლეს.

მკვლელობის შემდეგ სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები