რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვიის პრემიერი: EU-ს რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების სრულად აკრძალვისკენ მოვუწოდებთ

ლატვიის პრემიერმინისტრი, კრიშიანის კარინში ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებზე ნებისმიერი ტურისტული ვიზის აკრძალვისკენ მოუწოდებს

The Guardian-თან ინტერვიუში კარინშმა უარყო იდეა, რომ რუსებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასვლის ხელშეწყობა კრემლის შეიარაღებული ძალების დასუსტების საშუალებაა.

"გასაგებია, რომ ბევრს არ სურს უკრაინაში ბრძოლა და სიკვდილი. თუმცა, რუსეთიდან იმიგრაციის ამხელა ტალღა ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ვფიქრობ, პოლიტიკური დისიდენტები რუსეთის ტერიტორიიდან უკვე გავიდნენ. შემდეგ იქნებიან ეკონომიკური ოპორტუნისტები და პოლიტიკურად გაურკვეველი პოზიციის მქონე რუსები". - თქვა კარინშმა. 

ლატვიამ დანარჩენ ორ ბალტიის ქვეყანასა და პოლონეთთან ერთად რუსი ტურისტებისთვის საზღვარი 19 სექტემბრიდან ჩაკეტა. 

8 სექტემბერს ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა ერთობლივად განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს შენგენის მთელ ზონაში ჩაკეტავენ. ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნების მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეებს შორის შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნების უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრიან. 

გარდა ამისა, ოთხი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის გარე საზღვრის კონტროლი მოითხოვს მნიშვნელოვან რესურსებს. ასევე, ისინი მიიჩნევენ, რომ აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად გადაადგილება მორალურად არასწორია. 

კომენტარები