რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდისა და ნახევარკუნძულისკენ ენერგორესურსების მიმწოდებელი ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა. ამასთან, ყირიმის მარიონეტი ლიდერის, სერგეი აკსენოვის ცნობით, ნახევარკუნძულზე ტერორიზმის საფრთხის მაღალი – ყვითელი დონე გამოცხადდა, რომელიც 23 ოქტომბრამდე იმოქმედებს.
"რეგიონში სიმშვიდეა, სიტუაცია სრულად კონტროლდება რესპუბლიკური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. ყირიმის რესპუბლიკის, მისი მაცხოვრებლებისა და სტუმრების უსაფრთხოებას სრულად უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები". – წერს მარიონეტი ლიდერი Telegram.
ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.





