არაშენდა

არაშენდა: ჩიკაგოს 1600-მეტრიანი ცათამბჯენი

Gigazine

1956 წლის 16 ოქტომბერს ამერიკული არქიტექტურის მამამთავარმა, ამერიკელმა არქიტექტორმა ფრენკ ლოიდ რაითმა ცათამბჯენ The Illinois(ილინოისი)-ის პროექტი წარადგინა. პრეზენტაციას არაერთი არქიტექტორი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი დაესწრო. 

ფრენკ ლოიდ რაითი, The Illionois-ის პრეზენტაციაზე, 1956 წელი

რაითს სურდა ილინოისის შტატის ცენტრალურ ქალაქ ჩიკაგოში ცათამბჯენი აღემართა, რომლის სიმაღლე ერთი მილი(1609 მეტრი) იქნებოდა. ჩანაფიქრის მიხედვით ილინოისი ეიფელის კოშკზე ხუთჯერ, ხოლო იმ დროს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობაზე, 1931 წელს აშენებულ Empire State Building-ზე ოთხჯერ მაღალი უნდა ყოფილიყო.

რეკორდული სიმაღლის გარდა, რაითის პროექტი არქიტექტურული შედევრი იყო. მისი ჩანაფიქრით ჯერ უნდა აშენებულიყო ფოლადის საყრდენი ბოძი, რომელზეც მსუბუქი ბეტონისგან ჩამოსხმული სართულები "წამოეცმებოდა". ცათამბჯენი სამ ნაწილიან ნემსს დაემსგავსებოდა, რომელიც სიმაღლესთან ერთად ვიწროვდება. ფასადის მოსაპირკეთებლად შუშა, ალუმინი და უჟანგავი ლითონი უნდა გამოეყენებინათ. პროექტის ავტორის აზრით ილინოისი ისეთივე დიდებული და მყარი შენობა იქნებოდა, როგორიც ხეოფსის პირამიდა.

რაითი ქალაქების გაფართოების წინააღმდეგი იყო და სურდა მინიმალურ ფართობზე მაქსიმალურად კომპაქტური სივრცე აეშენებინა. პროექტის მიხედვით 528 სართულზე განთავსდებოდა ჩიკაგოს ყველა სამთავრობო უწყება. შენობას 10 000 მანქანასა და 100 ვერტმფრენზე გათვლილი პარკინგი ექნებოდა.

რაითმა იცოდა რომ 1956 წელს მსგავსი შენობის აღმართვა შეუძლებელი იყო, პროექტი მომავლის მშენებლობად იყო ჩაფიქრებული, თუმცა 70 წლის შემდეგაც ამ სიმაღლე ნაგებობის აშენება კვლავ შეუძლებელია. დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა სიმაღლეში მხოლოდ 829 მეტრია, მრავალი სპეციალისტის აზრით ბურჯ-ხალიფა ნაწილობრივ ილინოისის პროექტით არის შთაგონებული.

ბურჯ-ხალიფა, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი

 

კომენტარები