რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ხერსონში დილემის წინაშეა

რუსი ოკუპანტი ხერსონში, ფონზე ე.წ. გამარჯვების დროშა
(Konstantin Mihalchevskiy/Sputnik)

ბრიტანეთის დაზვერვა საკუთარ ყოველდღიურ განახლებაში წერს, რომ რუსეთი ხერსონში დილემის წინაშეა.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, 2 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ახალი იერიში დაიწყეს. დაწინაურდნენ სამხრეთის მიმართულებით და ფრონტის ხაზი 20 კილომეტრით წინ წაწიეს, შედეგად დაწინაურდნენ მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ და მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროებზე, თუმცა რუსეთის მთავარ თავდაცვით პოზიციებს ჯერჯერობით საფრთხეს ვერ უქმნიან.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსი გენერლები, სავარაუდოდ, საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან ნოვა კახოვკას ზონაში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. რუსეთის ძალების დარჩენილი ცოტა მოსამარაგებელი გზიდან ერთ-ერთად რჩება დნეპრზე გადებული დაზიანებული ხიდი. 

"რუსეთი დილემის წინაშეა: საბრძოლო ძალების დნეპრის გადაღმა გამოყვანა ხერსონის ოლქის დაცვას უფრო მარტივს გახდის, მაგრამ პოლიტიკური მოთხოვნა დარჩენა და თავდაცვა იქნება". – წერს დაზვერვა. 

ამას გარდა, ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ხერსონის ოლქში გაგზავნა ნაწილობრივ დაკომპლექტებული საჰაერო-სადესანტო ძალები. შესაბამისად, რუსეთს ახლა ჰყავს მცირე რაოდენობის სწრაფი რეაგირების ძალები ფრონტის სტაბილიზაციისთვის. ბრიტანეთის დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ ამ ზონაში რუსეთი მობილიზებულ რეზერვისტებს გაგზავნის.

კომენტარები