რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლეიენი: მივესალმები სანქციებზე შეთანხმებას, ყალბ რეფერენდუმსა და ანექსიას არასდროს მივიღებთ

European Commission

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, პუტინის მოჩვენებით რეფერენდუმებსა და არც რაიმე სახის ანექსიას უკრაინაში არასდროს მიიღებენ.

"მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე. ჩვენ სწრაფად და მტკიცედ ვიმოქმედეთ". - წერს ლეიენი.

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსეთის ნავთობის ფასებზე ზედა ზღვრის დაწესებას მოიცავს.

ამასთან ერთად, შეზღუდვებს შემოიღებენ რუსეთის ფოლადის მრეწველობის წინააღმდეგ. როგორც მოსალოდნელია, სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს აეკრძალებათ რუსეთის სახელმწიფო კომპანიების მმართველი ორგანოების წევრობა.

28 სექტემბერს ევროკავშირმა რუსეთის წინააღდეგ სანქციების ახალი, მე-8 პაკეტი შეიმუშავების  შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ სანქციები რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს, რაც ოფიციალურ მოსკოვს $6.7 მილიარდი დაუჯდება. 

"გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილი მოჩვენებითი რეფერენდუმები არის მიწის მიტაცების ან საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის უკანონო მცდელობა. მობილიზაცია და პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღის გამოყენების შესახებ, არის ესკალაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები". - თქვა ფონ დერ ლეიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციების მერვე პაკეტის სამიზნე იქნება ფიზიკური პირები და ეს პაკეტი უფრო შეზღუდავს ვაჭრობას.


21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

 

კომენტარები