რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი სამხედროების ციმბირისა და სირიის ბაზებიდან გადმოყვანას აპირებს

რუსეთის სამხედრო პოლიციის წევრი სირიაში
ТАСС

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობა აპირებს, რომ უკრაინაში, ცხელ წერტილებში სამხედროები ციმბირსა და სირიაში მდებარე ბაზებიდან გადმოიყვანონ. 

"არსებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მეთაურობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაპირისპირების ზონებში გადაიყვანონ გვარდიის ნაწილები ციმბირის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და სირიაში მყოფი რუსი სამხედროების კონტინგენტიდან". – წერია უკრაინის გენშტაბის ყოველდღიურ ანგარიშში. 

გენშტაბის ამავე განცხადების მიხედვით, ოკუპანტებმა გასულ დღეს, 3 ოქტომბერს უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით გაისროლეს 3 რაკეტა, მიიტანეს 12 საჰაერო იერიში და 100-ზე მეტი იერიში ზალპური ცეცხლის სისტემებით. მოწინააღმდეგის იერიშებმა დააზიანა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.

ამას გარდა, განცხადებაში წერია, რომ რუსეთის არმიის მე-3 კორპუსი, რომელიც ახალშექმნილია, ეფექტიანად ვერ ასრულებს დავალებებს. ამას გარდა, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შენაერთებში ძირითადი პრობლემებია გამოუსადეგარი, დაზიანებული იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა, პოზიციების თვითნებური მიტოვება, საბრძოლო დავალებებზე უარის თქმა, ალკოჰოლის მიღება, სამხედრო დისციპლინის სისტემური დარღვევა.

კომენტარები