ჰოლივუდი

ბრიუს უილისმა უარყო, რომ საკუთარი გარეგნობის გამოყენების უფლება DEEPFAKE კომპანიას მიყიდა

Leak.com

ბრიუს უილისის წარმომადგენელმა უარყო, რომ მსახიობმა საკუთარი გარეგნობის გამოყენების უფლება Deepfake კომპანიას მიყიდა.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ემის მფლობელმა მსახიობმა კომპანია Deepcake-თან კონტრაქტი გააფორმა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გრაფიკოსები კინოდან წასული უილისის ეკრანზე დაბრუნებას შეძლებდნენ. 

მსახიობის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან უილისმა ერთჯერადად ითანამშრომლა, როდესაც ერთი წლის წინ Megaphone-ის რეკლამაში ითამაშა.

წლის დასაწყისში უილისი კინოდან წავიდა. წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ოჯახის წევრების თქმით, 67 წლის უილისს აფაზია დაუდგინდა – მეტყველების დარღვევა, რომელსაც ტვინის დაზიანება იწვევს.

მანამდე ყვითელ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ უილისს ტექსტის დამახსოვრების პრობლემა აქვს და ხშირ შემთხვევაში გადასაღებ მოედანზე ყურის მიკროფონს იყენებს, რომელიც სუფლიორის ფუნქციას ასრულებს. 2021 წლის დასაწყისში მსახიობი აფთიაქიდან პირბადის გარეშე ყოფნის გამო დაცვამ გაიყვანა. მოწმეების თქმით, უილისს კისერზე ბენდენა ეკეთა და შენიშვნის მიუხედავად სახე არ დაიფარა, რამდენიმე მათგანის თქმით, მსახიობი ძალიან დაბნეული იყო და ვერ მიხვდა, რას ითხოვდნენ მისგან აფთიაქის თანამშრომლები. მეორე დღეს უილისმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. 

ონლაინ სივრცეში Deepfake ტექნოლოგია რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ტექნოლოგიის საშუალებით ვიდეოში ერთი ადამიანის სახის მეორე ადამიანის სახით ჩანაცვლება გახდა შესაძლებელი, ამისთვის მხოლოდ "ორეულის" ფოტოებია საკმარისი.

კომენტარები