რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: ლიმანის გათავისუფლებით უკრაინელებმა რუსულ ჯარებს უკან დახევა აიძულეს

Jason Franson/The Canadian Press/AP

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის ჯარების მიერ ლიმანის გათავისუფლება მეტყველებს იმაზე, რომ ისინი რუსულ ძალებს უკან დახევას აიძულებენ

"ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელებმა ლიმანის გათავისუფლება შეძლეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინელები პროგრესირებენ, მათ შეუძლიათ, რომ რუსულ ძალებს უკან დახევა აიძულონ თავიანთი გამბედაობის, სიმამაცის, უნარებისა და რა თქმა უნდა, იმ მოწინავე იარაღის დახმარებით, რომელსაც აშშ და სხვა მოკავშირეები აწვდიან". - თქვა სტოლტენბერგმა. 

ასევე, უკრაინის მიერ დაჩქარებული წესით NATO-ში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება წევრობის შესახებ უნდა იყოს 30 ქვეყნის კონსესუსის შედეგი. 

პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკან დახევა აღიარა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.

ლიმანის დაკავება კრემლისთვის დიდი მარცხია მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ ცერემონიალზე დონეცკის რეგიონის ანექსია გამოაცხადა.

რუსეთი ლიმანს როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო მნიშვნელობით იყენებდა, ხოლო კიევისთვის მისი გათავისუფლება უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ლიმანის დაკავება კიევს ლუგანსკის ოლქში წინსვლის საშუალებას მისცემს. 


30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას. 

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა, პუტინთან ერთად, ხელი მოაწერეს რუსეთთან შეერთების ე.წ. დოკუმენტს.

კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთის ეს ნაბიჯი თაღლითობად შეაფასეს. უკრაინამ პირობა დადო, რომ რუსული ძალებისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებას გააგრძელებს, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის იქამდე არ გაიმართება, სანამ პუტინი პრეზიდენტი იქნება. 

კომენტარები