ლატვია

ლატვიის არჩევნებში პუტინის მთავარი კრიტიკოსის პარტიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

Gints Ivuskans/AFP/Getty Images

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, პრემიერმინისტრის, კრიშიანის კარინშის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია ახალი ერთობა ხმების 19%-ით ლიდერობს, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტია კოალიციურ მთავრობას უხელმძღვანელებს. 

ოლქების 96% უკვე დათვლილია - ახალი ერთობის წარმატება მანიშნებელია იმისა, რომ ლატვია რუსეთის მწვავე კრიტიკოსად რჩება.

იმისათვის, რომ კარინში პრემიერმინისტრად დარჩეს, მას კოალიციური მხარდამჭერების მოპოვება სჭირდება. წინა საარჩევნო კამპანიისას მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხი გადამწყვეტი იქნება მოკავშირეთა ფორმირებისას. 

"ყველას გონებაში უპირველეს ყოვლისა არის ის, თუ როგორ გადავლახავთ ზამთარს - არა მხოლოდ ლატვიაში, არამედ მთელ ევროკავშირში, და რომ ჩვენ ყველანი ვრჩებით უკრაინის გვერდით და ამ პოზიციას სირთულეების მიუხედავად არ დავთმობთ", - აღნიშნა კარინშმა. 

კარინში დელავერში დაიბადა და მას ორმაგი მოქალაქეობა - ამერიკისა და ლატვიის, აქვს. მისი ოჯახი საბჭოთა კავშირიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიქცა. კარინში რიგაში 1997 წელს მას შემდეგ გადავიდა, რაც პენსილვანიის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის დოქტორის ხარისხი მიიღო.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მისმა გამარჯვებამ შეიძლება გააფართოოს განხეთქილება ქვეყნის ლატვიელ უმრავლესობასა და მის რუსულენოვან უმცირესობას შორის, რომელიც მთლიანი მოსახლეობის მეოთხედია.ამასთანავე, არჩევნების შედეგების მიხედვით, შემცირებულია იმ პარტიების მხარდაჭერა, რომლებიც პოპულარულია ლატვიის რუსულენოვან უმცირესობაში.

მემარცხენე პარტია - ჰარმონიას, რომელმაც მოიგო ბოლო სამი არჩევნები მრავალი რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერით, ამ არჩევნებშ 4,7% ჰქონდა. თუ ეს შედეგი ხმების სრულად დათვლის შემთხვევაში არ შეიცვალა, პარტია 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდება პარლამენტში. 

კომენტარები