ჰოლივუდი

ბრიუს უილისმა საკუთარი გარეგნობის გამოყენების უფლება DEEPFAKE კომპანიას მიყიდა

Fandomwire

ბრიუს უილისი ჰოლივუდის პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც საკუთარი გარეგნობის გამოყენების უფლება Deepfake კომპანიას მიყიდა.

მყიდველი Deepfake ტექნოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Deepcake-ია. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გრაფიკოსები კინოდან წასული უილისის ეკრანზე დაბრუნებას შეძლებენ. მსახიობის სახის ე.წ. ციფრული ორეული დუბლიორის ტანზე იქნება დასმული. 

წლის დასაწყისში უილისი კინოდან წავიდა. წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ოჯახის წევრების თქმით 67 წლის უილისს აფაზია დაუდგინდა – მეტყველების დარღვევა, რომელსაც ტვინის დაზიანება იწვევს.

იქამდე ყვითელ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ უილისს ტექსტის დამახსოვრების პრობლემა აქვს და ხშირ შემთხვევაში გადასაღებ მოედანზე ყურის მიკროფონს იყენებს, რომელიც სუფლიორის ფუნქციას ასრულებს. 2021 წლის დასაწყისში მსახიობი აფთიაქიდან პირბადის გარეშე ყოფნის გამო დაცვამ გაიყვანა. მოწმეების თქმით უილისს კისერზე ბენდენა ეკეთა და შენიშვნის მიუხედავად სახე არ დაიფარა, რამდენიმე მათგანის თქმით მსახიობი ძალიან დაბნეული იყო და თითქოს ვერ მიხვდა რას ითხოვდნენ მისგან აფთიაქის თანამშრომლები. მეორე დღეს უილისმა საქციელისთვის ბოდიში მოიხადა. 

ონლაინ სივრცეში Deepfake ტექნოლოგია რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი გახდა ვიდეოში ერთი ადამიანის სახის მეორე ადამიანის სახით ჩანაცვლება გახდა შესაძლებელი, ამისთვის მხოლოდ "ორეულის" ფოტოებია საკმარისი.

კომენტარები