რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ომში უკრანა გაიმარჯვებს, რადგან საკუთარ მიწაზე ვართ და სიმართლე ჩვენს მხარეზეა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული არმია უკრაინის წინააღმდეგ ომს წააგებს, რადგან უკრაინა საკუთარ მიწაზეა და სიმართლეც მათ მხარეს არის. ამის შესახებ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვაში წერს.

"უკრაინა თავის დაცვას გააგრძელებს და ჩვენს წინააღმდეგ დაწყებულ ომში გაიმარჯვებს. იმიტომ, რომ საკუთარ მიწაზე ვართ. სიმართლე ჩვენს მხარეზეა და მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენთანაა. 

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ჭეშმარიტებაა ნებისმიერი ხალხისთვის ამ პლანეტაზე: სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის, ბედნიერების უფლებისთვის ჩვენი ყველა ოჯახისა და შვილისთვის". - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი უკვე იზოლირებულია და ამ ომის გამო გასამართლდება.

"რუსეთი მარტო დარჩა. ის უკვე იზოლირებულია და ამ ომის გამო გასამართლდება "ყველა ვინც ჭეშმარიტების წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, საკუთარი სიკვდილისთვის აღმართავს" – როგორც ჩანს, კრემლმა არ იცის იმამ შამილის ეს სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები კავკასიაში უნდა იცოდნენ. ეს უნდა მოისმინონ ციმბირში და ყველა სხვა ადგილას, საიდანაც ხალხი ომში იგზავნება". - წერს ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკიმ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

"რაც შეეხება მობილიზაციას. ეცადეთ, რომ სიკვდილი აირიდოთ! დაიცავით თქვენი თავისუფლება ქუჩებსა და სკვერებში, რათა მოგვიანებით არ მოგიწიოთ სიცოცხლისთვის ბრძოლა მთებსა და ტყეებში, როდესაც რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს.

გჯერათ, რომ მხოლოდ 300 000 ადამიანს წაიყვანენ? ის ვინც ეს ომი დაიწყო, მობილიზაციის პირველ ტალღაზე არ გაჩერდება. ის ეცდება, რომ სხვების სიცოცხლე იმსხვერპლოს". - აცხადებს ზელენსკი.

კომენტარები