საფრანგეთი

ათასობით ადამიანი საფრანგეთში ინფლაციასა და მაკრონის საპენსიო გეგმას აპროტესტებს

STEPHANE DE SAKUTIN/AGENCE FRANCE-PRESSE/GETTY IMAGES

ათასობით ადამიანი საფრანგეთში ინფლაციის წინააღმდეგ ხელფასების ზრდას მოითხოვს და პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საპენსიო გეგმას აპროტესტებს. მაკრონი საპენსიო ასაკის 62 წლიდან 64-მდე გაზრდას აპირებს

გაფიცული მასწავლებლები, სტუდენტები და რკინიგზის მუშები მშვიდობიანი საპროტესტო აქციებს ქვეყნის ათეულობით ქალაქში შეუერთდნენ – მოძრაობა შეფერხებულია და სკოლათა ნაწილი დახურულია.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე მაკრონის მთავრობამ 40 მილიარდ ევროზე (38.9 მილიარდი დოლარი) მეტი დახარჯა საწვავის, გაზისა და ელექტროენერგიის ფასების დასარეგულირებლად. ასევე, დაწესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასების ჭერი და გათვალისწინებული იქნა საწვავზე შეღავათები.

ინფლაცია საფრანგეთში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, სურსათზე ფასების ზრდა მნიშვნელოვნად აზიანებს საფრანგეთის დაბალშემოსავლიან ოჯახებს. ფრანგული სტატისტიკური სააგენტო Insee-ს მონაცემებით, აგვისტოში ინფლაციამ 6.6%-ს მიაღწია.

ფრანგული კომპანიების დიდმა ნაწილმა ისარგებლა მაკრონის მთავრობის ახალი პროექტით, რომელიც მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. შედეგად, კომპანიებმა თანამშრომლებს პრემიები გადასახადების გათვალისწინების გარეშე გადაუხადეს. მაგალითისთვის, ფრანგულმა კომპანიამ LVMH Moët Hennessy Louis Vuitton SE-მ განაცხადა, რომ ის საკუთარ 27 000-მდე თანამშრომელს €1 000 ოდენობის ბონუსის ნაცვლად 1 500 ევროს მისცემდა. 

ინფლაციის მიუხედავად, მაკრონი კვლავ აგრძელებს საპენსიო რეფორმის გადახედვასა და საპენსიო ასაკის შემცირებას გეგმავს. მის ამ ინიციატივას კრიტიკულად აფასებს პროფკავშირები და ოპოზიცია. ივნისში პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, მაკრონმა პირობა დადო, რომ პირველი ვადისგან განსხვავებით, პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა მისი პრიორიტეტი იქნება. ოპოზიციისა და პროფკავშირების ლიდერები ახლა ამბობენ, რომ პრეზიდენტი სიტყვას არ ასრულებს.

საფრანგეთის საპენსიო მრჩეველთა საბჭომ, რომელიც ზედამხედველობს საპენსიო სისტემის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას, განაცხადა, რომ მთავრობის დანახარჯები პენსიებზე, როგორც ამჟამად დაგეგმილია, საფრთხეს უქმნის საფრანგეთის დეფიციტის შემცირების მიზნებს. მაკრონის მთავრობა მიზნად ისახავს, შეამციროს სახელმწიფო სექტორის ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წელს ევროკავშირის ზღვრამდე - 5%-დან 3%-მდე ჩამოიყვანოს.

კომენტარები