რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს საელჩო მოსკოვში თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ

აშშ-ს საელჩო რუსეთში

შეერთებული შტატების საელჩო მოსკოვში თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ ჩავიდნენ რუსეთში და ამჟამად იქ მყოფებმა სასწრაფოდ დატოვონ ქვეყნის ტერიტორია.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ მობილიზაცია გამოაცხადა, ოფიციალურმა მოსკოვმა, შესაძლოა, მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაში  სხელი შეუშალოს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს სამხედრო სამსახურში წასვლისკენ მოუწოდოს.

საელჩო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომერციული ფრენების სიხშირე რუსეთში ამჟამად შეზღუდულია. 

"აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ რუსეთში, ხოლო ისინი ვინც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან, ქვეყანა რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ.

რუსეთმა შესაძლოა აშშ-ის მოქალაქეების ორმაგი მოქალაქეობა არ ცნოს, შეუზღუდოს აშშ-ს საკონსულოზე წვდომა, ხელი შეუშალოს რუსეთიდან გამგზავრებას და ორმაგი მოქალაქეობის მოქნე პირები სამხედრო სამსახურში გაიწვიოს". - წერია განცხადებაში.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.


კომენტარები