რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მელონი ზელენსკის: იტალია მხარს სრულად გიჭერთ, შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ

ჯორჯია მელონი

იტალიის მომავალმა პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონმა უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მელონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"ძვირფასო ზელენსკი, თქვენ იცით, რომ უკრაინელი ხალხის თავისუფლების საქმეში შეგიძლიათ ჩვენი ერთგული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. შეინარჩუნეთ სიმტკიცე და თქვენი ძლიერი რწმენა". - წერს მელონი Twitter-ზე.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მელონის გამარჯვება Twitter-ზე მიულოცა და აღნიშნა, რომ "ახალ მთავრობასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას მოუთმენლად ელის".

მელონი იმ მცირერიცხოვან იტალიელ პოლიტიკურ ლიდერებს შორისაა, რომელმაც მარიო დრაგის პრემიერმინისტრობისას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მელონი ოპოზიციის წევრი იყო.

მელონის საპირისპიროდ, გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების, ლიგისა და Forza Italia-ს ლიდერებს რუსეთსა და მის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვთ. კერძოდ, გასულ კვირას, Forza Italia-ს ლიდერმა, სილვიო ბერლუსკონიმ აღნიშნა, რომ  ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრის გარდა სხვა ალტერნატივა არ დაუტოვეს, ვინაიდან მას კიევის ხელისუფლებაში "ღირსეული ადამიანების" დასმა სურდა. ბერლუსკონის ამ განცხადებას იტალიაში არჩევნების წინ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული წარმატების შედეგად, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდება და უხელმძღვანელებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მემარჯვენე მთავრობას. ხმების მიხედვით, პარლამენტის ორივე პალატაში მემარჯვენე ბლოკი სოლიდურ უმრავლესობას მოიპოვებს, რაც იტალიისთვის საკმაოდ იშვიათია. ქვეყანაში წლების განმავლობაში პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზი სწორედ მყიფე კოალიციები იყო.

ულტრამემარჯვენე იტალიის ძმები კონსერვატიულ ალიანსში დომინირებენ. რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ იტალიის ძმებს შანსი ექნებოდათ მთავრობისთვის ეხელმძღვანელათ. პარტია სათავეს იღებს პოსტ-ფაშისტური იტალიური სოციალური მოძრაობისგან და დღემდე ინარჩუნებს მათ ლოგოს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2018 წელს ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ხმების მხოლოდ 4 პროცენტის მოპოვება შეძლო. 

მელონი უარყოფს საკუთარი პარტიის პოსტფაშისტურ კავშირებს და წარმოაჩენს მას, როგორც ტრადიციულ პოლიტიკურ გაერთიანებას - ისეთივეს, როგორიცაა ბრიტანეთის კონსერვატორები. მელონიმ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს დასავლეთის პოლიტიკას უკრაინასთან დაკავშირებით.

მეორე მსხვილმა კონსერვატიულმა პარტიამ, სილვიო ბერლუსკონის Forza Italia-მ დაახლოებით 8% დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ვარაუდობენ, რომ მელონის ალიანსს ექნება დიდი უმრავლესობა, როგორც ზედა, ისე ქვედა პალატაში, გაერთიანების წევრებს განსხვავებული პოზიციები აქვთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელთა შეჯერებაც შესაძლოა გართულდეს.

კომენტარები