რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გამო უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრაინამ დროებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართული ე.წ. რეფერენდუმების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის დანიშვნა მოითხოვა

"რუსეთმა იმის გამო, რომ გაეროს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას ცდილობს პასუხი უნდა აგოს", - წერს Twitter-ზე ოლეგ ნიკოლენკო. 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო.

რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც 2014 წლის ყირიმის რეფერენდუმი, ეწინააღმდეგება როგორც რუსეთის, ისე უკრაინის კანონმდებლობას. რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, რეფერენდუმის ინიცირება, ორგანიზება და ჩატარება შესაძლებელია მინიმუმ ოთხი თვით ადრე. რაც შეეხება უკრაინის კანონმდებლობას, უკრაინის კონსტიტუციის 73-ე მუხლი ადგენს, რომ ქვეყნის ტერიტორიის შეცვლის საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ სრულიად უკრაინულ რეფერენდუმზე.

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

კომენტარები