რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პუტინი დასასვენებლად წავიდა – Faridaily

ჟურნალისტი, ფარიდა რუსტამოვა საკუთარ Telegram არხ Faridaily-ზე  წერს, რომ ვლადიმირ პუტინი 21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დასასვენებლად წავიდა. ჟურნალისტი ინფორმაციას სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლოს პუტინი საჯაროდ 21 სექტემბრის საღამოს გამოჩნდა. კონცერტის დასრულებისთანავე, რუსტამოვას წყაროების ცნობით, პუტინმა საზოგადოებრივ საქმიანობისგან დასვენება გადაწყვიტა, რაც მინიმუმ ერთ კვირამდე გაგრძელდება. ამავდროულად, სატელევიზიო გადაცემებში კვლავ ვხვდებით პუტინის კომენტარებს. რუსტამოვას მტკიცებით, ეს არის ეგრეთ წოდებული „კონსერვი“ - წინასწარ ჩაწერილი მონაკვეთები.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, პუტინი ახლა ნოვგოროდის ოლქის ვალდაის რეზიდენციაში ისვენებს; ალექსეი ნავალნის გადაცემაში ადრე დეტალურად ისაუბრა ამ რეზიდენციის შესახებ.

ბევრი ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პუტინი 23 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმის მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით არ გამოსულა. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, პუტინი დაკავებულია. ის ასევე უარყოფს პუტინის შვებულებაში ყოფნას.

ჟურნალისტის თქმით, პუტინის საჯარო სივრცეში შემდგომი გამოჩენა 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. ამ დროისთვის ე.წ. რეფერენდუმი უკვე ჩატარებული იქნება.


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები