რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"წარუმატებელი იყო" – რასმუსენი პუტინის მიმართ მაკრონის პოლიტიკას კრიტიკულად აფასებს

Ritzau Scanpix/Philip Davali via REUTERS

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოლიტიკა უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ წარუმატებელი და კიევისთვის "ღრმად საზიანო" იყო. 

"წარუმატებელი იყო", - აღნიშნა რასმუსენმა ფრანგულ ჟურნალ Le Point-თან ინტერვიუსას მაკრონის პოლიტიკის შეფასებისას.

ომის დასაწყისში მაკრონმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი "პუტინის ისტორიული შეცდომის" მიუხედავად, არ დაამციროს. მის კომენტარს მწვავე შეფასებები მოჰყვა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. ასევე, მკაცრად აფასებდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, სატელეფონო კავშირი შეინარჩუნა პუტინთან.  

  • "რუსეთი პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, არ უნდა დავამციროთ" – მაკრონი

"მაკრონმა კრიზისის დასაწყისში გაგვაოცა თავისი, რბილად რომ ვთქვათ, გამორჩეული და კრიტიკული განცხადებით, რომ პუტინი არ უნდა იყოს დამცირებული და ამით მან პუტინს გასვლის ალტერნატივა შესთავაზა. ასეთი კომენტარები იყო დამღუპველი და ღრმად საზიანო", - დამატებით შენიშნა ყოფილმა გენერალურმა მდივანმა. 

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციას რასმუსენის ინტერვიუზე საპასუხო კომენტარი არ გაუვრცელებია

გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის ლიდერმა გაიმეორა მისი რწმენა, რომ მსოფლიო ლიდერებს სჭირდებათ რუსეთთან დიალოგის გაგრძელება და დასძინა, რომ ის კვლავ გაესაუბრება პუტინს უახლოეს დღეებში უკრაინის საომარ ზონებში განთავსებული ბირთვულ რეაქტორებთან დაკავშირებით.

  • მაკრონის გამოსვლა გაეროში პუტინის მიმართ ტონის გამკაცრებად შეფასდა

მაკრონმა გამოსვლისას ასევე განმარტა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ უკრაინის სუვერენიტეტი დაცული იქნება, მისი ტერიტორია განთავისუფლდება და დაცული იქნება ქვეყნის უსაფრთხოება. ამ კომენტარის მიუხედავად, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი პრეზიდენტის გულწრფელობაში დარწმუნებული მაინც არაა. 

  • "მან შეასუსტა საერთაშორისო თანმიმდევრულობა და ვფიქრობ, ახლა ნანობს ამას და ცდილობს დაიბრუნოს ინიციატივა", - აღნიშნა მან ინტერვიუში.

კომენტარები