რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პესკოვის ვაჟი სამხედრო კომისარიატში მოტყუებით დაიბარეს, მან მისვლაზე უარი თქვა

დმიტრი პესკოვი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ვაჟს პირდაპირ ეთერში დაურეკეს და მოტყუებით სამხედრო კომისარიატში დაიბარეს. ნიკოლაი პესკოვმა მისვლაზე უარი განაცხადა. 

"ამას მე სხვა დონეზე გადავწყვეტ", - თქვა ნიკოლაი პესკოვმა და აღნიშნა, რომ მისი, როგორც "ბატონი პესკოვის" "იქ ყოფნა" არასწორი იქნება. 

21 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება. 

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება უზრუნველყონ.

კომენტარები