რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნავალნი: დანაშაულებრივი ომი უფრო ღრმავდება, პუტინი ცდილობს, მეტი ხალხი გარიოს

ალექსეი ნავალნი

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მობილიზაციის შესახებ გააკრიტიკა დაპატიმრებულმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ. ნავალნიმ მობილიზაციასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომის დროს ისაუბრა.

"დანაშაულებრივი ომი, დანაშაულებრივი აგრესიული ომი, რომელიც მიმდინარეობს, უფრო და უფრო ღრმავდება. პუტინი ცდილობს ამაში გარიოს რაც შეიძლება მეტი ხალხი, სურს ამოსვაროს სისხლში ასიათასობით ადამიანი და, რა თქმა უნდა, ეს მიგვიყვანს უაზრმაზარ ტრაგედიამდე, დაღუპულთა დიდ რაოდენობამდე და ნამდვილად არაფერ კარგამდე ვერ მიგვიყვანს. ამ დანაშაულის ზომა და მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. ეს კეთდება იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა საკუთარი პირადი ძალაუფლება შეინარჩუნოს. იმისთვის, რომ პირადი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, პუტინი ტანჯავს მეზობელ ქვეყანას, ხოცავს იქ ხალხს და ახლა ამ ომის ხორცსაკეპში აგდებს რუსეთის მოქალაქეების დიდ რაოდენობას, რომლებიც ნორმალურად უნდა ცხოვრობდნენ. მოკლედ, ეს უკვე იყო დანაშაული, ახლა უფრო დიდი მასშტაბის დანაშაული გახდა". – თქვა ნავალნიმ. 

ნავალნიმ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ძალოვან სტრუქტურებში მილიონობით თანამშრომელი მუშაობს, თუმცა მთავრობა მაინც ახალ რეზერვისტებს იძახებს. 

"ერთი რამ არ მესმი. არმიაში – მილიონი კაცი, რუსეთის გვარდიაში – 350 ათასი ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო – კიდევ ორნახევარი მილიონი, სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურშიც რამდენი ხალხია. რატომ იძახებენ სამოქალაქო პირებს? ანუ ქვეყანაში აქეთ-იქეთ ირბენს 5 მილიონი ადამიანი, რომლებმაც [გამოძახებას] თავი აარიდეს. მათ დევნას კი მილიონობით პოლიციელი დაიწყებს, სადმე მობილიზაციაში რომ მოიყვანონ". – თქვა ნავალნიმ. 

ნავალნის თქმით, რუსეთი მობილიზაციას არ დაიწყებს ისეთ მსხვილ ქალაქში, როგორიც მოსკოვია.

"აი, ახლა, ვიღაც კოვროველ მშრომელებს, 30 წლის კაცებს ხო გამოიძახებენ, სადმე ხერსონთან რომ დაიხოცონ. ეს ყველაფერი საშინელებაა. ვფიქრობ, მოსკოვიდან არ გამოიძახებენ. გამოიძახეთ მოსკოვიდან 50 000 ადამიანი და ხვალ 150 000 ნათესავი ქუჩაში გააპროტესტებს". – თქვა ნავალნიმ.

21 სექტემბერს ვლადიმი პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები