რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლატვია: ვინც რუსეთიდან სამხედრო მობილიზაციას გაექცევა, არ შევიფარებთ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის თქმით  ლატვია რუსეთის არცერთ მოქალაქეს არ შეიფარებს, ვინც ქვეყნიდან სამხედრო მობილიზაციას გაექცევა.

"უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა ტიპის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც მობილიზაციისგან თავის აარიდებას ეცდება. ასევე არ შევცვლით 19 სექტემბრიდან შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთაზე დაწესებულ შეზღუდვებს". - წერს რინკევიჩი.

ვლადიმირ პუტინმა დღეს, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

"თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ - ეს ბლეფი არ არის, რუსეთს თავდასხმაზე საპასუხოდ, დიდი რაოდენობით იარაღი აქვს". - თქვა პუტინმა. 

ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა. 

"მათ, ვინც თავს უფლებას აძლევენ, ასეთი განცხადებები რუსეთის მიმართ გააკეთონ, მსურს შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა გამანადგურებელი საშუალებები, ზოგიერთ კომპონენტში კი – უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს". - ამბობს პუტინი მიმართვაში. 

კომენტარები