რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: "რეფერენდუმები" არაფერს ცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების გათავისუფლებას

Ozan Güzelce / Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უკრაინა ტერიტორიების დაბურნებას გააგრძელებს. 

"ფსევდო  "რეფერენდუმები" არაფერს შეცვლის. არც რაიმე ჰიბრიდული "მობილიზაცია" მოხდება. რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უკანონოდ იკავებს უკრაინის მიწის ნაწილებს. უკრაინას აქვს სრული უფლება გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას რუსეთი რას იტყვის იმის მიუხედავად".- წერს კულება Twitter-ზე. 

საოკუპაციო ძალები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის შეერთების რეფერენდუმის ჩატარებას ზაპოროჟიეს ოლქშიც 23-27 სექტმებრისთვის გეგმავენ.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართებოდა. ამ ინფორმაციის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ ამავე ვადაში იგეგმება ე.წ. რეფერენდუმის ხერსონში ჩატარებაც.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმს ამზადებნენ. აქამდე, გასულ დღეს რეფერენდუმის დაუყოვნებელი ჩატარება მოითხოვეს მარიონეტული ლსრ-სა და დსრ-ს ე.წ. საზოგადოებრივმა პალატებმა. 

20 სექტემბერს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მარიონეტული პრორუსული ხელმძღვანელობისგან ოკუპირებული ხერსონის ე.წ. საზოგადოებრივმა საბჭომაც მოითხოვა.

დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს რუსეთი სრულად ვერ აკონტროლებს.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 19 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალების მარიონეტების მიერ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ანექსიაზე აქტიური საუბარი მიუთითებს, რომ "უკრაინის ჩრდილოეთში მიმდინარე კონტრიერიში მარიონეტულ ძალებსა და კრემლის გადაწყვეტილებების ზოგიერთ მიმღებს პანიკაში აგდებს".

ამას გარდა, 20 სექტემბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ექსპრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მხარი დაუჭირა დონბასში რეფერენდუმების ჩატარების იდეას და ამას აუცილებელიც უწოდა. მედვედევის აზრით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებითა და ამ მიწების რუსეთისთვის შეერთებით, მოხდება "მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია".

უკრაინის კონტრიერიშამდე როგორ ამზადებდა რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები