რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტრუდო იზიუმზე: ვლადიმირ პუტინს და რუს სამხედროებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, ვლადიმირ პუტინს, მის მხარდამჭერებსა და რუს სამხედროებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ სისასტიკეებზე, რომლებიც უკრაინაში ჩაიდინეს და ახლაც სჩადიან. ამის შესახებ ლონდონში, დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე მყოფმა ტრუდომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტრუდოს თქმით, იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი საფლავები რუსეთის სამხედრო დანაშაულების მხოლოდ ნაწილია და ამის ჩამდენებს შესაბამისი პასუხიმგებლობა უნდა დაეკისროთ.

"რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთმა და კანადამ დიდი წვლილი შეიტანეს უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ქმედებები აშკარად შეიცავს სამხედრო დანაშაულებს, ყოვლად მიუღებელ დანაშაულებს, რომლებიც ჩვენ ვნახეთ ბუჩასა და უკრაინის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილ მასობრივ საფლავებში. საჭიროა შესაბამისი გამოძიება, გამჭვირვალობა, რათა ვლადიმირ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩაიდინეს და ახლაც სჩადიან უკრაინაში". - თქვა ტრუდომ.


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იზიუმში 450 ცხედარი აღმოაჩინეს, მათ დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.   

"დღეის მდგომარეობით 450 ცხედარია დაკრძალული, თუმცა არის სხვებიც, ბევრი ადამიანია ცალკე დაკრძალული, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ. გარკვეულ ტერიტორიებზე, ვხვდებით მთლიანი ოჯახის ცხედრებსაც". - თქვა ზელენსკიმ. 

თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ იზიუმში სისასტიკე ბუჩაში ჩადენილ დანაშაულს შეადარა. მან ასევე გაიმეორა კიევის მოთხოვნა, რომ შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის და რუსეთს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა.

"სავარაუდოდ, ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 1 000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე აწამეს და მოკლეს", - წერს რეგიონის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი "ღრმად შეშფოთებულია" მასობრივი საფლავების აღმოჩენით და დასძინა, რომ გაერთიანება "ამ სიმხეცეს უმკაცრესად გმობს".

კომენტარები