რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში 10-ზე მეტი წამების კამერაა აღმოჩენილი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხარკოვის გათავისუფლებულ სოფლებსა და ქალაქებში 10-ზე მეტი წამების კამერაა აღმოჩენილი.

"ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში - სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში უკვე ნაპოვნია 10-ზე მეტი წამების ოთახი. მაგალითად, კოზაჩა ლოპანის ჩვეულებრივ რკინიგზის სადგურზე აღმოჩენილია წამების კამერა და სპეციალური ელექტრო იარაღები - ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო.

ასე იქცეოდნენ ნაცისტები, ასე იქცევიან რუსებიც. ისინი ერთნაირად გიპასუხებენ - როგორც ბრძოლის ველზე, ისე სასამართლო დარბაზებში. ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, დაამცირა, მოკლა - ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ეს სისასტიკე ჩამოიტანა". - აღნიშნავს ზელენსკი ვიდეომიმართვაში. 

16 სექტემბერს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში 440-ზე მეტი ცხედრის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მათ დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.   

"დღეის მდგომარეობით 450 ცხედარია დაკრძალული, თუმცა არის სხვებიც, ბევრი ადამიანია ცალკე დაკრძალული, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ. გარკვეულ ტერიტორიებზე, ვხვდებით მთლიანი ოჯახის ცხედრებსაც". - თქვა ზელენსკიმ. 

თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ იზიუმში სისასტიკე ბუჩაში ჩადენილ დანაშაულს შეადარა. მან ასევე გაიმეორა კიევის მოთხოვნა, რომ შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის და რუსეთს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი "ღრმად შეშფოთებულია" მასობრივი საფლავების აღმოჩენით და დასძინა, რომ გაერთიანება "ამ სიმხეცეს უმკაცრესად გმობს".

კომენტარები