რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ საუბრისას თქვა, რომ თუკი ევროპას რუსეთისგან გაზი სჭირდება, მაშინ მას Nord Stream 2-ის გაზსადენის გახსნა მოუწევს.
"საბოლოოდ, თუ თქვენ გაქვთ სურვილი, თუ რუსული გაზის გარეშე ასე გიჭირთ, უბრალოდ გააუქმეთ სანქციები Nord Stream 2-ის გაზსადენზე, რომელიც წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს გაწვდით, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ყველაფერი რიგზე იქნება". - თქვა პუტინმა.
2 სექტემბერს რუსული ენერგოგიგანტის, გაზპრომის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კომპანია ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის მილსადენით ევროპისთვის გაზის მიწოდებას 3 სექტემბერს, როგორც აქამდე იგეგმებოდა, არ აღადგენს. ამის მიზეზად გაზპრომმა პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე ზეთის გაჟონვა დაასახელა.
განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ.
G7-ის ფინანსთა მინისტრების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ფასის ჭერის მიზანი რუსეთისთვის შემოსავლებისა და აგრესიული ომის დაფინანსების შესაძლებლობის შემცირებაა, პარალელურად - ენერგორესურსების მსოფლიო ფასებზე რუსეთის წარმოებული ომის გავლენის შესუსტება, განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის.
შეთანხმების მიხედვით, რუსული ნავთობის ზღვით გადატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ნაყიდია ფასის ჭერის ტოლ, ან უფრო დაბალ ფასად.
საპასუხოდ, რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ნოვაკმა თქვა, რომ რუსეთი შეწყვეტს ნავთობის მიწოდებას ქვეყნებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთს ფასის ჭერს დაუწესებენ.
"თუ ისინი ფასზე შეზღუდვებს შემოიღებენ, ჩვენ უბრალოდ აღარ მივაწვდით ნავთობს ასეთ კომპანიებს, ან სახელმწიფოებს, რომლებიც ამ შეზღუდვებს დააწესებენ, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ არაკონკურენტულ პირობებში მუშაობას". – თქვა ნოვაკმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 1 ევროპისთვის, განსაკუთრებით კი გერმანიისთვის რუსეთიდან გაზის იმპორტის მთავარი წყაროა, კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინს ზამთრისთვის საკმარისი გაზის მარაგი აქვს.
"ჩვენ საკმაოდ კარგად შეგვიძლია გავუმკლავდეთ იმ საფრთხეებს, რომლებიც რუსეთიდან მოდის". - აღნიშნავს შოლცი.





