ევრობასკეტი 2022

FIBA ბითაძის, სანაძის, შენგელიას და კორკმაზის მიმართ დისციპლინარულ სამართალწარმოებას დაიწყებს

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) 4 სექტემბერს, თბილისი არენაზე, საქართველო-თურქეთის დაპირისპირების დროს, გასახდელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დისციპლინარული სამართალწარმოება დაიწყო.

"საქმის მასალების, მათ შორის, ვიდეოკამერების ჩანაწერების ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ, ფიბამ გადაწყვიტა არასპორტული ქცევის გამო დისციპლინარული სამართალწარმოება დაიწყოს შემდეგი მოთამაშეების მიმართ: გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და ფურკან კორკმაზი. გარდა ამისა, ფიბა დისციპლინარულ სამართალწარმოებას დაიწყებს ორივე ფედერაციის მიმართ". - წერია განცხადებაში.

ამასთან, ფიბა დისციპლინარულ ზომებზე გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დაინტერესებული მხარისგან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს.

4 სექტემბერს, ევრობასკეტის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა, თბილისი არენაზე, თურქეთის ნაკრები ანგარიშით 88:83 დაამარცხა. თავდაპირველად, მატჩის მიმდინარეობის დროს, ერთმანეთს დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი დაუპირისპირდნენ, შეხვედრის არბიტრმა ორივე კალათბურთელი გააძევა, თუმცა ინციტენტი გასახდელისკენ მიმავალ კორიდოსრსა და გასახდელშიც გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილეობას ზემოხსენებულ კალათბურთელებთან ერთად, გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც იღებდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ ფიბაში საჩივარი შეიტანა და სათამაშო წამების მოკლების გამო, მატჩის გადათამაშება მოითხოვა, ფაქტის დადასტურების მიუხედავად, თურული მხარის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

კომენტარები