ევრობასკეტი 2022

FIBA საქართველოზე: დარბაზის მშენებლობის ტემპით შეშფოთებულები ვართ, დრო იწურება

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) დელეგაცია საქართველოს, რომელიც 2022 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, 2 დღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს FIBA-ს პრეზიდენტი ჰამან ნიანგი, გენერალური მდივანი ანდრეას ზაგკლისი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და FIBA ევროპის პრეზიდენტი თურდაი დემირელი ესტუმრნენ.

პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ FIBA-ს წარმომადგენლებმა ევრობასკეტისთვის გამიზნული დარბაზის მშენებლობის პროცესიც მოინახულეს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მშენებლობის ტემპით შეშფოთებულნი არიან, რადგან დარბაზს თებერვლის სანაკრებო მატჩებისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა ამ სცენარით ეს არარეალისტურია და კონსტრუქციის დასრულებას დიდი ძალისხმევა და სამთავრობო მხარდაჭერა დასჭირდება.

"ჩვენ ახლახან გამოვედით პრემიერის ოფისიდან, სადაც დაგვარწმუნეს, რომ დარბაზის მშენებლობას მთავრობა სრულად უჭერს მხარს. სიმართლე რომ ითქვას, ამ ეტაპზე ჩვენ გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ დარბაზის მშენებლობის ტემპით. მე ბოლოს აქ 2021 წლის მარტი-აპრილში ვიყავი. ჩემი აზრით, ახლა საჭიროა დიდი ძალისხმევა კონსტრუქციის დასასრულებლად, მე ამის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ საჭიროა გადახურვის დასრულება და შემდეგ წინსვლა, რადგან დრო იწურება.

გვესმის, რომ თავდაპირველი გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ დარბაზს თებერვლის ფანჯრის სანაკრებო მატჩებისთვის უნდა ემასპინძლა, უკვე არარეალურია. ახალი მიზანი ივნისი-ივლისის ფანჯარაა, აქ ყველაფერი მზად უნდა იყოს, რათა თამაშები ჩატარდეს სატესტო ტურნირზე. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმის გათვალისწინებით, რაც ვნახე, დასრულებას და წინ წაწევას დიდი ძალისხმევა დასჭირდება". - ამბობს კამილ ნოვაკი.

ევრობასკეტი, რომელიც წელს ზაფხულში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო 1 წლით გადავადდა და 2022 წლის სექტემბერში ჩატარდება, ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი კი საქართველო იქნება.

კომენტარები