სოსო გოგაშვილი

გოგაშვილი: ოპოზიციის ლიდერებს შორის რევოლუციური სცენარის განხორციელებაზე საუბარი არ ყოფილა

სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს. გოგაშვილი წერს, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის არანაირ რევოლუციურ სცენარზე საუბარი არ ყოფილა და ეს ყველაფერი ქართული ოცნების მიერ მათ გაშავებას უკავშირდება.

"მე ვხედავ, რომ ქოცები ხალხის ცრუ პროპაგანდით დაშინებას ისევ აგრძელებენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ ჩემი პირადი დამოკიდებულებების მიუხედავად, არანაირი რევოლუციური სცენარის განხორციელების შესახებ ოპოზიციის ლიდერებს შორის საუბრები არ ყოფილა. ეს საუბრები ყოველთვის ქოცების მიერ იყო შექმნილი ხალხის გასაშავებლად. ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული და არაავთენტიკური საუბრები". - წერს გოგაშვილი.

გოგაშვილის თქმით, ასეთ საუბრებს ბიძინა ივანიშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ და სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ის მზადაა, რომ ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს.

"სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე მე წარვადგენ ამ ყველაფრის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ორიგინალშიც და დამონტაჟებულშიც. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ხალხის წინაშე სიმართლე ვილაპარაკო. სიცრუე კი ერთია - საუბრები, რომლებიც თითქოს უკრაინულ საიტებზე იტვირთებოდა, სინამდვილეში სუსის საიტები იყო და ეს საუბრები ივანიშვილის დავალებით იყო დამონტაჟებული და ატვირთული სუსის ოტოს მიერ. ხალხს უკვე აღარ სჯერა თქვენი “შოკისმომგვრელი”, მდარე ხარისხის ცრუ პროპაგანდის. ასე რომ, груსებო, ხალხი სამარცხვინო განაჩენს მალე გამოგიტანთ". - ვკითხულობთ გოგაშვილის პოსტში.

11 აგვისტოს სოსო გოგაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ ის ციხის საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ვახტანგ გომელაური ესაუბრა და დაემუქრა. იმავე დღეს სოსო გოგაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ მან ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მას და მის ოჯახს გაანადგურებდნენ. 

სოსო გოგაშვილი 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წარედგინა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. 18 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნების "მხილების კამპანია" წამოიწყო და აპირებს, ის გააგრძელოს.

21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, TI-მ და ISFED-მა გაავრცელეს მასალები, რომლებიც, მათი განცხადებით, სოსო გოგაშვილმა გადასცათ. დოკუმენტებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

გოგაშვილის მიერ 26 ივლისს გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ამის ამსახველი კადრები კი ე.წ ოტომ წაშალა. წერილში ის ასევე ამბობს, რომ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თავისი შვილის საქმრო გაატაცებინა, აწამებინა და ქვეყნიდან გაუშვა, რადგან ეთნიკურად ქურთის "სახლში შეშვება არ უნდოდა". ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ 2017 წელს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს ივანიშვილის დავალებით სცემეს - "ტელეფონზე ბიძინას გინების გამო".

კომენტარები