რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: კრემლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტით უკრაინიდან ყურადღების გადატანას ეცდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი სომხეთსა და აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ბლინკენი შეშფოთებულია, რომ რუსეთი ორი ქვეყნის კონფლიქტში არეულობის გამოწვევას შეეცდება. ასევე, სახელმწიფო მდივნის აზრით, სიტუაციის "დეესკალაციის" მოტივით, რუსეთს რეგიონში თავისი გავლენის გამოყენებაც შეუძლია.

"ცდილობს თუ არა რუსეთი რაიმე ფორმით არეულობის გამოწვევას, რათა უკრაინიდან ყურადღება გადაიტანოს, არის ის, რაც ჩვენ ყოველთვის გვაფიქრებს". - თქვა ბლინკენმა. 

ბლინკენი უკრაინაში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებსაც შეეხო და უკრაინელების კონტრშეტევაზე ისაუბრა. 

"ის, რაც მათ გააკეთეს, ძალიან მეთოდურად და სწორად დაგეგმლია. რა თქმა უნდა, მას მხარს უჭერს როგორც აშშ, ისე სხვა მრავალი ქვეყანა, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ის სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც კონტრშეტევის წარმართვისთვის სჭირდება". - აღნიშნა ბლინკენმა. 

ბლინკენის აზრით, რუსეთ-უკრანის ომი ჯერჯერობით არ დასრულდება, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსები ომის გასახანგრძლივებლად, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებს. 

კომენტარები