რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ დასავლური წარმოების იარაღზე მოთხოვნა გაზარდა

Kostiantyn Liberov/AP Photo

Financial Times-ის ინფორმაციით, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის კონტრშეტევის წარმატებამ NATO-ს მოკავშირეები დაარწმუნა, რომ კარგად მომარაგებული არმიით უკრაინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას შეძლებს, ამიტომ გაიზარდა მოთხოვნა კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე.

"ეჭვგარეშეა, რომ ტონი შეიცვალა. ახლა გაცხადებით ვეღარავინ მიდის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ, არსებობენ მხოლოდ მხარდამჭერები და ისინი, ვინც ჩუმად არიან", - აღნიშნა ევროპელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა Financial Times-თან.

"100 პროცენტით მართალია, რომ მეტი იარაღი ნიშნავს უკრაინის მეტ ტერიტორიას, ნაკლებ სისხლსა და ნაკლებ ცრემლს”, - აღნიშნა მეორე ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან. 

მდივანმა პენტაგონის შესყიდვის საკითხებში, ბილ ლაპლანტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პენტაგონი მუშაობს თავდაცვის ინდუსტრიასთან, რათა გაზარდოს სამხედრო წარმოება. ლაპლანტის განმარტებით, პენტაგონს სურს, დააკმაყოფილოს როგორც აშშ-ის, ასევე საერთაშორისო მოთხოვნები გარკვეულ იარაღზე. უწყების ცნობით, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისა და HIMARS-ებზე მოთხოვნა.

თუმცა, დასავლური დაზვერვისა და თავდაცვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმატება მოსკოვს აიძულებს გადახედოს სტრატეგიულ მიზნებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვლადიმირ პუტინის არმიის დაშლას გამოიწვევს.

"ვაკვირდები ყურადღებით, ფრთხილი ოპტიმიზმით", - შენიშნა მაღალჩინოსანმა უკრაინის წინსვლაზე. 

უკრაინული წინსვლა, რომელიც გასული კვირის დასაწყისში დაიწყო, ყველაზე დიდი სამხედრო მარცხია რუსეთისთვის მას შემდეგ, რაც მარტში იგი იძულებული გახდა უკან დაეხია ქვეყნის ჩრდილოეთიდან კიევის ალყაში მოქცევის ხუთკვირიანი წარუმატებლობის შემდეგ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა FT-სთან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინსვლა "მოსალოდნელზე უკეთესი" იყო, კიევმა უნდა შეინარჩუნოს სიფრთხილე და გაითვალისწინოს რუსეთის კონტრშეტევის რისკი. 

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და NATO-ს სხვა მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ უკრაინას 16 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის იარაღს მიაწვდიდნენ. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, კიევმა ჯერ მხოლოდ ნახევარი მიიღო. 

უსაფრთხოების სფეროში დასავლელი ოფიციალურმა პირები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბოლოდროინდელმა მიღწევებმა გააძლიერებს მიწოდების მასშტაბსა და სიჩქარეს. კერძოდ, ისინი ხაზს უსვამენ ისეთი მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მსროლელი რაკეტების გამოყენებას, როგორიცაა აშშ-ში წარმოებული HIMARS-ები.

კომენტარები