არჩევნები 2024

კობახიძე: 2024-ის არჩევნებზე ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებაში ხმას ელექტრონულად მისცემენ

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მოხდება.

"ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის, ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა, სულ მცირე, 70%-ს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მოხდება.

ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს ამომრჩეველთა ნდობას ხმის დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციას ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70%-ზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში. ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის, ე.წ PVT-ს გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს". – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის ამ ინიციატივას უახლოეს დღეებში მიეცემა კანონპროექტის სახე, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები საარჩევნო ცენტრების ელექტრონული აპარატურის აღჭურვისთვის.

კობახიძემ ასევე განმარტა, რომ ინიციატივა არ მოიცავს ხმის დისტანციურად მიცემას, მათ შორის, არც ემიგრანტების მიერ, რადგან, მისი თქმით, ეს ბევრ რისკთანაა დაკავშირებული.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა კრწანისის ოლქში, იგივე სისტემა გამოიყენეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის რამდენიმე უბანზეც.

კომენტარები