რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვისა და პეტერბურგის მუნიციპალური ოლქების დეპუტატები პუტინის გადადგომას ითხოვენ

Natalia Kolesnikova/AFP/Getty Images

მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს 18 მუნიციპალური ოლქის დეპუტატები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადადგომას ითხოვენ. პეტიცია დღეს, 12 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგის სემენოვსკის რაიონის ადგილობრივმა დეპუტატმა, ქსენია ტორსტრომმა ხელმომწერთა სიასთან ერთად გამოაქვეყნა

"ჩვენ, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს მუნიციპალური ოლქების დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქმედებები რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავლისთვის საზიანოა. მოვითხოვთ ვლადიმირ პუტინის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას". - წერია პეტიციაში. 

პეტიცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ჩატარებულ პირველ რეგიონულ და მუნიციპალურ არჩევნებს მოჰყვა, რომელმაც კრემლის მომხრე კანდიდატებს დიდი გამარჯვება მოუტანა. 

"პეტიციის ტექსტი ლაკონურია, ის არავის დისკრედიტაციას არ ახდენს". - წერს ტორსტრომი Twitter-ზე.

პუტინის გადადგომა მოსკოვის კიდევ ერთმა, ლომონოვსკის საოლქო საბჭომ მოითხოვა. საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: "თქვენი შეხედულებები და მმართველობის მოდელი უიმედოდ მოძველებულია და აფერხებს რუსეთის განვითარებასა და მის ადამიანურ პოტენციალს".

გარდა ამისა, გასულ კვირას სანქტ-პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა დუმას ვლადიმირ პუტინისთვის ღალატის ბრალდების წაყენებისკენ მოუწოდეს. ადგილობრივი ოფიციალური პირის, ნიკიტა იუფერევის თქმით, ამის გამო რამდენიმე მათგანს ამჟამად რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის გასამართლება ემუქრება.

კომენტარები