რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

აშშ: მოვითხოვთ, რუსეთმა სასწრაფოდ შეწყვიტოს უკრაინელების ე.წ ფილტრაციის ცენტრებში გაგზავნა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კრემლი ე.წ ფილტრაციის ბანაკებში უკრაინელების იძულებით გადაყვანაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და ოკუპანტებს ამ პრაქტიკის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდა

"შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევენ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების იძულებით გადაყვანას. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები უკრაინაში ფილტრაციის ცენტრებში გადასაყვანი პირების სიებს აგზავნიან. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეაჩეროს ფილტრაციის ოპერაციები". - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა. 

მსგავსი განცხადება აშშ-მ აქამდეც გაავრცელა. რუსეთში ე.წ ფილტრაციის ბანაკების შესახებ  ეუთოში (OSCE) აშშ-ს ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა ისაუბრა.

კარპენტერის თქმით, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, "ფილტრაციის ცენტრებში" გადაყვანილი ადამიანები ძალადობის მსხვერპლნი არიან.

"რამდენიმე მოწმის მიხედვით, "გაფილტვრა" მოიცავს ადამიანების ცემასა და წამებას, რათა დადგინდეს არიან თუ არა ისინი უკრაინული სახელმწიფოს მიმართ ერთგულები". – თქვა კარპენტერმა.

კარპენტერმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ ბანაკებში მოხვედრილ ადამიანებს დეტალურ შემოწმებას უტარებენ, მათზე ინფორმაციას აგროვებენ და ხშირად პირად დოკუმენტებსა და ნივთებს ართმევენ. 

"რუსეთის ჯარისკაცები დაზარალებულებს ფოტოებს უღებენ სხვადასხვა კუთხიდან, იღებენ მათ თითის ანაბეჭდებს და ფიზიკურ შემოწმებას უტარებენ ტატუების აღმოსაჩენად, ამოწმებენ მათ ტელეფონებს, იწერენ მათ კონტაქტებსა და ინფორმაციას და აგროვებენ ინფორმაციას მათი ბიოგრაფიის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში, რუსი ჯარისკაცები მათ პასპორტებს, საინდეფიკაციო დოკუმენტებსა და ტელეფონებს ართმევენ". – თქვა კარპენტერმა.

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ფილტრაციის ზომებს“ იღებენ და  უკრაინის მოქალაქეებს იტაცებენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, ოკუპანტები მსგავსს ზომებს ხარკოვში, ზაპოროჟიაში, ხერსონში, მიკოლაივში, ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებში იღებენ. „ფილტრაცია“ მიზნად ისახავს სრულწლოვანი მამაკაცების, ყოფილ სამხედრო და სამართალდამცავ პერსონალისა და პროუკრაინელი აქტივისტების დაკითხვას, წამებისა და შესაძლო სიკვდილით დასჯას. GUR-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინელ მძევლებს ყირიმში დამატებით აგზავნიან, რათა მომავალში ტყვეების გაცვლაში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალონ. 

კომენტარები