რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინაში ომის დროს რუსეთს არაფერი დაუკარგავს. ამის შესახებ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"ვფიქრობ, რომ ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს და არაფერს დავკარგავთ. მიღწევების თვალსაზრისით, შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი მიღწევა - ჩვენი სუვერენიტეტის გამყარებაა და ეს იმის გარდაუვალი შედეგია, რაც ახლა ხდება". – თქვა პუტინმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 45 700-მდე სამხედრო დაკარგა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





