თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

ერთიანობას ორი მხარე აქვს – თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვა Tbilisi International Conference 2022-ზე

ტაბულა

თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მეექვსე პანელზე, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პოზიციონირებას შეეხებოდა, ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პანელის მონაწილეებს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პოლარიზაციისა და საქართველოში აშშ-ს ელჩის მისამართით ბრალდებების შესახებ ჰკითხა.

თამარ ჩერგოლეიშვილი: პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ მისი მიზანი პოლარიზაციაა, შუა უნდა გაიკრიფოს – თქვენ ან ჩემთან ხართ, ან სააკაშვილთან, ან უბრალოდ გაჩუმდით. ეს 2011 წლის მისი ინტერვიუს სიტყვა-სიტყვით თარგმანია. ეს მახსენებს მიუნხენში პუტინის გამოსვლას, როდესაც მან თქვა, რომ მისი მიზანი საბჭოთა კავშირის დომინირების აღდგენაა, რუსეთის დომინირების, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. ბევრი ჩემი მეგობარი და ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ ერთიანობისკენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ამ მოწოდებებს, რაც ძალიან კარგი იდეაა – ერთიანობა კარგია, სულ მცირე, ორი მხარე აქვს. როდესაც მათი მოწოდება ოპოზიციას მიემართება, ეს ოდნავ უმეცრად გამოიყურება, ჩანს, რომ ისინი არც კი უსმენენ ოლიგარქს, რომელიც ერთგვარად მართავს ამ ქვეყანას.

ჩემი კითხვაა, თუ რას ფიქრობთ ზოგიერთი ქართველის აღქმაზე, რომ ერთიანობას ორი მხარე აქვს? როდესაც მეორე მხარის დნმ-ი პოლარიზაციაა, ეს არ მოხდება, ეს ზედაპირულია.

მეორე მოკლე კითხვაც – ჩვენ მომსწრე ვართ აშშ-ს ელჩის ბულინგის გასული სამი თვის განმავლობაში. ის დაადანაშაულეს ქართველი ხალხის მკვლელობისთვის მზადყოფნაში, საქართველოს ომში ჩართვაში. ბევრ ადამიანს ჩემ გარშემო ის ებრალება. როგორ აისახება ეს აშშ-ს ძალის აღქმაზე, როდესაც აქ ადამიანებს ამერიკის ელჩი ებრალებათ?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოში პოლარიზაციაზე საუბარი პარტიებს აღარ შეეხება, არამედ ის დასავლურ ორიენტაციისგან ქვეყნის დაშორების შესახებაა.

"რა არის პოლარიზაცია სინამდვილეში? ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორი მეუბნებოდა, განსაკუთრებით მე, რადგან ენმ-ს წარმოვადგენ, დიახ, არსებობს ორი ძლიერი პარტია – ენმ და ქართული ოცნება და, რა თქმა უნდა, არსებობს პოლარიზაცია. პოლარიზაცია არ არის ამ პარტიებს შორის, აქ საუბარი პარტიებზე აღარ არის, აღარ არის ჩემი პარტიის შესახებ. ეს აღარ არის ბრძოლის შესახებ, რომ მე და ჩემს პარტიას გვსურს ხელისუფლებაში მოსვლა ან ჩემს შესახებ, რომ უბრალოდ დავიკავო მინისტრის ან პრემიერმინისტრის სავარძელი. ეს ჩემი ქვეყნის დასავლური ორიენტაციის შესახებაა. სინამდვილეში, როდესაც ჩვენ პარტიებზე ვსაუბრობთ, ჩემი ინტერესია, ჩვენი ინტერესია, ნაციონალური მოძრაობის, როგორც უდიდესი ოპოზიციური პარტიის ინტერესია, რომ ამ ადამიანებმა, ჩემი პარტნიორებმა, ჩვენი პარტნიორებმა მოიპოვონ მეტი მხარდამჭერი აქ, რათა შეიქმნას ერთიანობა და დამარცხდეს ივანიშვილი, რაშიც დარწმუნებული ვარ". – უპასუხა დეკანოიძემ ჩერგოლეიშვილის კითხვას.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მიზნები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ მათ შორის რამე სახის ერთიანობის არსებობა არ შეიძლება. ვაშაძის თქმით, ცალ-ცალკე ოპოზიციური პარტიები სუსტები არიან, თუმცა მათი ერთიანობა ქართული ოცნების დამარცხების გზაა.

"როდესაც მიზნები განსხვავებულია, არ შეიძლება რაიმე სახის ერთიანობა არსებობდეს. ქართული ოცნების მიზნები განსხვავდება ჩვენი მიზნებისგან. კარგი ნაწილია ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ოპოზიციის მუშაობის კოორდინირებას. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ერთად პარლამენტში, პარლამენტის გარეთ და თქვენ ნახავთ ბევრ ქმედებას, რომელსაც ჩვენ ერთად გავაკეთებ, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცალ-ცალკე ჩვენ სუსტები ვართ, თუ ჩვენ, ყველა პროევროპული ძალა ერთად ვდგავართ, ჩვენ ძლიერები ვართ. ეს არის გზა, თუ როგორ შეგვიძლია დავამარცხოთ პრორუსული ქართული ოცნება. ეს არის სივრცე, პროცესი, რომელშიც ჩვენი დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერა გვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია". – თქვა ვაშაძემ.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 5 სექტემბერს დაიწყო. მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის ორგანიზებული კონფერენციის წლევანდელი მთავარი თემა უკრაინაა. 6 სექტემბრის პანელები საქართველოს პოლიტიკურ პოზიციონირებას შეეხება.

კომენტარები