თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

რას ნიშნავს რუსეთის დამარცხება – თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვა Tbilisi International Conference 2022-ზე

Economic Policy Research Center / კადრები ვიდეოდან

თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის პირველ პანელზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე დასავლეთის პასუხს შეეხებოდა, ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პანელის მონაწილეებს უკრაინაში რუსეთის დამარცხებისა და 2008 წელს დასავლეთის პასუხის პარალელის შესახებ ჰკითხა.

თამარ ჩერგოლეიშვილი: თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და სრულად გეთანხმებით, მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს ეს თქვენთვის, როდის იტყვით, რომ რუსეთი დამარცხებულია? მეორე მოკლე კითხვაც – უკრაინამდე ომი საქართველოში იყო და ეს პანელი დასავლეთის პასუხის შესახებაა. მახსოვს 13 აგვისტო, როდესაც მქონდა განცდა, რომ მეორედ დავიბადე. პრეზიდენტმა ბუშმა განცხადება გააკეთა, რომ აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ეშვებოდა და ამერიკული სამხედრო გემები შავი ზღვის აკვატორიაში შემოდიოდა. ფიქრობთ, რომ უკრაინის კრიზისზე დასავლეთის ამჟამინდელი პასუხიდან რაიმე შეედრება პრეზიდენტ ბუშის ამ მესიჯის ძალას, გაკეთდა რაიმე ისეთივე ძლიერი, როგორიც 13 აგვისტოს განცხადება იყო?

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების დირექტორის, ჯონ ჰერბსტის თქმით, უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თავდაცვისა და ეკონომიკის გაძლიერებას ნიშნავს.

"გამარჯვება ნიშნავს, რომ პუტინი დამარცხდა უკრაინის დამორჩილებაში, ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინა იქნება ისეთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს მისი სრული ტერიტორია, ჰყავს ჯარი, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, ასევე დავამატებდი უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ ეს არ არის არსებითი, ასევე, აქვს ტერიტორიის სრულად გამოყენების და ეკონომიკური მოგების მიღების შესაძლებლობა. ეს არის გამარჯვება უკრაინისთვის და დამარცხება რუსეთისთვის, დამარცხება პუტინისთვის". – თქვა ჰერბსტმა.

ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) წარმომადგენლის, ნიკოლას ტენზერის თქმით, ევროკავშირისა და მსოფლიოსთვის გამარჯვება, მათ შორის, საქართველოსთან ფიზიკურად ინტეგრაციასასაც გულისხმობს.

"ნიკოლას ტენზერი: გამარჯვება სხვადასხვა რამეს ნიშნავს – პირველ რიგში, უკრაინამ უნდა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, დონბასისა და ყირიმის ჩათვლით, მაგრამ გამარჯვება ევროკავშირისა და მსოფლიოსთვის ასევე ნიშნავს საქართველოსთან ფიზიკურად ინტეგრირებას. ინტეგრაცია მოლდოვისთვის, თავისუფლება ბელარუსისთვის, მართლმსაჯულება ომის დანაშაულებისთვის და ასევე რუსეთის მოქალაქეების მიერ სტალინისა და პუტინის დანაშაულების კოლექტიური აღიარება". – თქვა ტენზერმა.

უკრაინელი ჟურნალისტის, მიაროსლავა გონგაძის თქმით, უკრაინისთვის გამარჯვება ტერიტორიის სრულად გათავისუფლებას, ევროკავშირსა და NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ნიშნავს.

ევროპარლამენტარის, მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფის წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, დასავლეთმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ გაბედულად არ იმოქმედა. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ამით, შესაძლოა 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომი თავიდან აცილებულიყო.

"ვფიქრობ, ჩვენ ყველამ გავიაზრეთ, რომ უზარმაზარი შეცდომა იყო, როდესაც გაბედულად არ ვიმოქმედეთ და არ დავაწესეთ სანქციები 13 აგვისტოს. ჩვენ ახლა სინანულით ვხედავთ, 2008 წელს ეს რომ გაგვაკეთებინა, შეიძლება, ეს ომი თავიდან აგვეცილებინა, შესაძლოა, თავიდან აგვეცილებინა ყირიმის ანექსიაც კი, მაგრამ ახლა ძალიან გვიანია და კარგია დავრწმუნდეთ, რომ როგორც [რუსეთის] დამარცხება აღწერეთ, საუკეთესო შემთხვევაში შეგვიძლია დავამატოთ მოლაპარაკებების დღის წესრიგში, რომ საქართველო ამ კომპლექტის ნაწილია. მეეჭვება ეს რეალური იყოს, მაგრამ, სულ მცირე, შეგვიძლია ეს მოვითხოვოთ". – თქვა კრამონმა.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 5 სექტემბერს დაიწყო. მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის ორგანიზებული კონფერენციის წლევანდელი თემა უკრაინაა.

კომენტარები