უკრაინა

დიდი რუსული არმიის მითის ნგრევა და უკრაინის თვითორგანიზაციის ტრადიცია

უკრაინა

დიდი რუსული არმიის მითის ნგრევა და უკრაინის თვითორგანიზაციის ტრადიცია

მითი დიდი რუსული არმიის შესახებ სრულად განადგურდა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 6-თვიანი თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნებიდან კონტრშეტევაზე გადასვლა შეძლეს. 29 აგვისტოს უკრაინელებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი, ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბაკა და პრავდინო რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ასევე, განადგურებულია ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა, მრავალი რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია, მრავალიც - ტყვედ ჩავარდა. 

ჯერ კიდევ 2014 წელს, მოუმზადებელი და შეუიარაღებელი უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთს ყირიმთან ერთად, აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დიდი ნაწილის მიტაცების გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა. ამას თან ერთოდა ისიც, რომ უმაღლესი და საშუალო რანგის უკრაინელი მეთაურების უმრავლესობა საბჭოთა სამხედრო აკადემიის პროდუქტი იყო. მათგან ბევრს ჯერ კიდევ ჰქონდა სენტიმენტები კრემლის მიმართ და, შესაბამისად, ბრძოლისას მხარე იცვალა. 

სამხედრო ფიასკოს შემდეგ რევოლუციაგამოვლილმა უკრაინამ რესურსების დიდი ნაწილი სწორედ თავდაცვისკენ მიმართა. კიევმა იცოდა, რომ გოლიათი უკან მობრუნდებოდა და მას მომზადებული უნდა დახვედროდა. თუმცა ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დიდწილად ქვეყნის თვითორგანიზაციის ტრადიციის დამსახურებაა - მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე კიევისთვის ინსტიტუტების ფუნქციონირება და უმოქმედო პოლიტიკური ძალები გადაუჭრელი პრობლემებია, უკრაინას კრიტიკულ მომენტებში, როგორიცაა რევოლუცია, ან თუნდაც ომი, ძალების მაქსიმალური მობილიზება შეუძლია.

ევრომაიდანი, როგორც ათვლის წერტილი

საწყისი წერტილი, სადაც უკრაინელების უდიდესი ნაწილი საბოლოოდ შეთანხმდა მტრის ვინაობაზე, 2013-2014 წლის ევრომაიდნის მოვლენებია. 21 ნოემბერს, როცა ხალხი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირისა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის გასაპროტესტებლად მაიდანზე გამოვიდა, მათ არჩევანი კორუმპირებულ და ავტორიტარულ პოსტსაბჭოთა მმართველობის სისტემასა და დასავლურ ღირებულებებს შორის გააკეთეს. მაშინ უკრაინამ თქვა, რომ ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე დარჩენას აღარ აპირებდა.

პროტესტი რამდენიმე ათასი სტუდენტის შეკრებით დაიწყო. ისინი იანუკოვიჩისგან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე დაუყოვნებლივ ხელმოწერას ითხოვდნენ. მართალია, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სტუდენტებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს, თუმცა მათ მიერ პოლიტიკური პარტიების სიმბოლოებზე უარის თქმა ნიშნავდა იმას, რომ ევრომაიდანი ნარინჯისფერი რევოლუციის გამეორება არ იქნებოდა - ამჯერად პროცესს წარმართავდნენ არა პოლიტიკური ჯგუფები, არამედ მოედანზე შეკრებილი უკრაინელი ხალხი.

 

რეჟიმზე გაბრაზებულმა უკრაინელებმა და მზარდმა მოლოდინებმა, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, პოლიტიკური პარტიების ერთიანობა გამოიწვია. პოლიტიკოსებმა, რომლებიც ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულები იყვნენ, ერთგვარი ტრიუმვირატი შექმნეს - მასში არსენ იაცენიუკი, ვიტალი კლიჩკო და ოლეგ ტიაგნიბოკი გაერთიანდნენ. საპროტესტო აქციების დროს სახალხო მხარდაჭერა დაიმსახურა ტელევიზიის მფლობელმა და მომავალმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომაც. 

ევრომაიდანმა ოპოზიციის ლიდერები უკრაინის მოქალაქეებთან იმაზე მეტად დააახლოვა, ვიდრე ოდესმე - ისინი საზოგადოების იმ მოთხოვნებს აყენებდნენ, რომლებიც მაიდანზე ყოველდღიურად ისმოდა. გრძელვადიან პერსპექტივაში, ოპოზიციას იანუკოვიჩის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ასევე 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენა და ძალების დეცენტრალიზების მიზნით, პრემიერმინისტრისთვის გარკვეული საპრეზიდენტო უფლებამოსილებების გადაცემა სურდა. 

გადაკეტილი ქუჩების, ყინვისა თუ სხვა წინააღმდეგობების მიუხედავად, ევრომაიდანი ათასობით ადამიანის ყოველდღიურ თავშეყრის ადგილად იქცა, პროტესტანტები 3 თვის მანძილზე კარვებში ცხოვრობდნენ, საველე სამზარეულოებში იკვებებოდნენ და რეჟიმს არა ეპიზოდურად, არამედ თანმიმდევრულად, სრულ განაკვეთზე ებრძოდნენ. 

აქტივისტების, მეცნიერების, ხელოვანების, სტუდენტებისა და სამოქალაქო ლიდერების გამოსვლების პროგრამას პოპულარული როკ ბენდებისა და ანსამბლების გამოსვლა ერწყმოდა. ასევე, ადამიანებისთვის, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ, საინფორმაციო გაზეთები დღეში ორჯერ იბეჭდებოდა. მაიდანი იყოფოდა სექტორებად - პოლიტიკური პარტიების სექტორი, სტუდენტები, არაპოლიტიკური და სამოქალაქო სექტორი. 

საბოლოოდ, საზოგადოების ის ნაწილიც კი, რომელიც პროტესტის ყოველდღიურ არქიტექტურაში ჩართული არ იყო, შეთანხმდა, რომ ევრომაიდნის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უკრაინაში ახალ სამოქალაქო და პოლიტიკურ რეჟიმს აყალიბებდა. 

სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც პროტესტის 61-ე დღეს, მაიდანზე პირველი ორი აქტივისტი მოკლეს. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 2014 წლის 20 თებერვალიც - ალფა ჯგუფმა, სპეციალურმა ანტიტერორისტულმა დანაყოფმა, რომელიც თავდაპირველად 70-იან წლებში საბჭოთა კგბ-ს მიერ შეიქმნა, ხოლო მოგვიანებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შენარჩუნდა, კიევის ქუჩებში 80-ზე მეტი მომიტინგე მოკლა. მთლიანად, ღირსების რევოლუციას 106 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

უკრაინელმა ხალხმა დაუღალავი პროტესტისა და ხელისუფლების რადიკალურ ზომებზე საპროტესტო ტალღის გაძლიერებით თავის მიზანს მიაღწია - 2014 წლის 22 თებერვალს, კრემლის მიერ დაორგანიზებული მარშრუტით, უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა.

მთავარი განსხვავება, რომელიც ევრომაიდანსა და სხვა პოლიტიკურ დემონსტრაციებს შორის არსებობდა, იყო განცდა, რომ უკრაინის პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის გზა არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ ჰქონდა და რომ ხალხი თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ უკეთეს მომავალზე. მაიდანზე შეკრებილი საზოგადოების საშუალო ასაკი, 36 წელი ნიშნავდა იმას, რომ გარეთ ახალგაზრდა თაობა იდგა, რომელსაც საკუთარი მომავლის ეშინოდა.

უკრაინამ ქვეყნის ევროპული ხედვა არამხოლოდ ბრძოლის მიზეზად, არამედ ცხოვრების არსად აქცია, სადაც არალეგიტიმურ რეჟიმთან ყოველდღიურად ბრძოლა გიწევს მაშინ, როდესაც ის საერთაშორისო საზოგადოების მხედველობის მიღმა რჩება. 

TABULA RASA

ვინაიდან ფსევდოდემოკრატიული რეჟიმის დაცემა ავტომატურად რეალური დემოკრატიის გაჩენას არ ნიშნავს, ევრომაიდნის მოძრაობის უკან მდგომი ხალხი შეთანხმდა, რომ უნდა აეშენებინათ სტრუქტურა, რომელიც უკრაინაში ახალ სამოქალაქო და პოლიტიკურ კონიუნქტურას შექმნიდა. საზოგადოების ამგვარი სრული გადატვირთვა ცარიელ დაფაზე წერაა, რომელიც შინაარსზე კონცენტრირებული პროგრამის შემუშავებას საჭიროებს. 

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა, უკრაინა დასავლეთისა და რუსეთის გადაკვეთის წერტილად იქცა, რადგან ალტერნატიული მთავრობები, რომლებიც რომელიმე მხარის პოლიტიკას ატარებდნენ, მეორეს სრულად არასდროს გამორიცხავდნენ. 

თუმცა, ევრომაიდნის მოვლენებთან ერთად, რუსეთმა ყირიმის ანექსიისა და დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერით უკრაინის პოლიტიკური რუკა დრამატულად შეცვალა. საზოგადოებისთვის აუცილებელი გახდა აქამდე არსებული შუალედური პოზიციის შეცვლა და პოლიტიკურ ნისლში გარკვეული სიცხადის შემოტანა. უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებამ მმართველ ძალას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რომელსაც სამხედრო ტრანსფორმაციის დიდი სერია მოჰყვა.

ყირიმის ოკუპაციიდან მალე, რამდენიმე წელში, უკრაინის არმიაში მსახურთა რაოდენობა 6 000-დან 150 000-მდე გაიზარდა. 2014 წლის შემდეგ, კიევი ტანკების, ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო სისტემების მოდერნიზებას ცდილობდა. ასევე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თავდაცვაზე გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 2014 წლის მ.შ.პ-ს 1.5%-დან 2020 წლისთვის 4.13%-მდე გაიზარდა. უკრაინის მიერ შეიარაღებისთვის გამოყოფილი ეს პროცენტული წილი NATO-ს ზოგიერთი წევრი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტზე მეტია. 

უფრო დეტალურად, უკრაინამ 2016 წელს თავდაცვის სტრატეგიული ბიულეტენი გამოსცა, რომელშიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების NATO-ს სტანდარტებამდე მისვლისთვის აუცილებელ რეფორმებზე იყო საუბარი. ერთი წლის შემდეგ გამოვიდა მეორე ნაწილიც - "შეიარაღებული ძალების სახელმწიფო პროგრამა", სადაც უფრო კონკრეტულად იყო გაწერილი მომდევნო სამი წლის გეგმა. ასევე, თავდაცვის დაგეგმარების მექანიზმის შესამუშავებლად 2018 წელს უკრაინის პარლამენტმა "ეროვნული უსაფრთხოების შესახებ" კანონი მიიღო. ამ კანონით უკრაინის თავდაცვის დაგეგმვის კოორდინაციისა და სამხედროებზე სამოქალაქო კონტროლის დასამყარებელი ერთგვარი ჩარჩო შეიქმნა.

"უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა" და "სამხედრო უსაფრთხოების სტრატეგიის" დოკუმენტები 2020 და 2021 წლებში განახლდა. "ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია" ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს განსაზღვრავს, სადაც რუსეთი, როგორც გრძელვადიანი საფრთხე, პირდაპირ და ხაზგასმითაა ნახსენები. დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის ევროკავშირთან, NATO-სა და აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობები. მოგვიანებით, 2020 წლისთვის არსებული გეგმა განახლდა და NATO-სთან თავსებადობა მთავარ პრიორიტეტად იქცა.

მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა ორგანიზაციული თვალსაზრისითაც. გენერალურმა შტაბმა მოამზადა შესყიდვების 10-წლიანი გეგმა, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტებია განსაზღვრული. გეგმაში განსაკუთრებით დიდი ყურადღება სპეციალური ოპერაციების ძალებს, საარტილერიო და სარაკეტო სისტემების, თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას ეხება.

სრული სამხედრო ტრანსფორმაციის ფარგლებში, უკრაინამ სარეზერვო სისტემაც შეცვალა. 2020 წელს გატარებული რეფორმის შედეგად სამი სარეზერვო კომპონენტი - ოპერატიული, სამობილიზაციო და სამოქალაქო რეზერვი შეიქმნა. ოპერატიული რეზერვი პირველი რიგის რეზერვია, რომელიც ძირითადად საბრძოლო გამოცდილების მქონე, ფრონტის ხაზის შემცვლელებითაა დაკომპლექტებული.

რაც შეეხება სამხედრო აღჭურვილობას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი უსაფრთხოების დახმარების პროგრამის ფარგლებში, აშშ-სგან Javelin-ების შეძენა იყო. ჯამში, შეერთებულმა შტატებმა 2014 წლიდან 2022 წლის დასაწყისამდე უკრაინას $2.7 მილიარდის ღირებულების იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადასცა. 

Javelin-ის გარდა, უკრაინამ ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ადგილობრივი განვითარებისა და განახლების პროგრამები შექმნა. ქვეყანამ Stugna-P-სა და Korsar-ს ტიპის სარაკეტო სისტემების წარმოება დაიწყო, ხოლო მანქანებზე დაფუძნებული ტანკსაწინააღმდეგო სისტემები განახლდა და ახალი რაკეტებით დაკომპლექტდა. 

რომ შევაჯამოთ: 2014 წლიდან უკრაინის მიერ მოქნილი თავდაცვის ჩამოყალიბება შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით აიხსნას. პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2014 წელს მომხდარ კონფლიქტში დაშვებული შეცდომები არმიის დანაყოფების წვრთნებსა და დოქტრინებში გამოასწორეს.

გარდა ამისა, მათ შესყიდვების გეგმაში სწორად განსაზღვრეს პრიორიტეტები მაშინ, როდესაც უპირატესობა ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, თვითმფრინავებსა და სპეცრაზმის აღჭურვილობას მიანიჭეს.

მთლიანობაში, უკრაინის მიერ 2014-2022 წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მიმართულებით, ასევე მოკავშირეეებისგან სამხედრო და სადაზვერვო მხარდაჭერამ, ცხადი გადახადა, რომ რუსეთის სამხედრო ზესახელმწიფოება და ფამილიარული ავტარქულობა მითია მაშინ, როდესაც მის წინააღმდეგ მთელი ერი დგას.

თვითორგანიზაციის ტრადიცია - ის, რაც ევრომაიდანსა და ომს აერთიანებს

წლების განმავლობაში, მაიდანს რამდენჯერმე შეეცვალა სახელწოდება: პარლამენტის მოედანი, საბჭოთა მოედანი, კალინის მოედანი. 1990 წელს, როდესაც მაიდანზე პირველად გამოვიდნენ სტუდენტები უკრაინის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მას ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციის მოედანი ერქვა. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო მან დღევანდელი სახელწოდება - ის აღარც საბჭოთა, ან რუსული, არამედ დამოუკიდებლობის მოედანია. 

2014 წლის ზამთარში მაიდანი გახდა ისეთივე მრავალფეროვანი, როგორც თავად კიევი, სადაც ათიათასობით ადამიანი იკრიბებოდა, ღია ცის ქვეშ საკვებს ამზადებდა, აშენებდა ბარიკადებს, ასხამდა ქვებს და კვდებოდა თავისუფლებისთვის. დღეს სახელი მაიდანი, სახელწოდების მიღმაც, თავისთავად ნიშნავს დამოუკიდებლობას. 

მაიდანის დამოუკიდებლობასთან ასოცირებაში არის რაღაც უკრაინისთვის სახასიათო, ვინაიდან მათ არც განსაკუთრებული ტერიტორიული მიკუთვნებულობა, არც ეთნიკური წარმომავლობა და არც კონკრეტული ინსტიტუტისადმი ერთგულება აერთიანებთ. ამის ნაცვლად, უკრაინელებს შეუძლიათ შეიკრიბონ მაშინ, როდესაც გრძნობენ, რომ მათ ეს სჭირდებათ. თვითორგანიზების ტრადიციით, უკრაინელები დამოკიდებული არა რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტსა ან იერარქიაზე, არამედ ერთმანეთზე ხდებიან - იქნება ეს ზამთრის პროტესტი ცივ ღამეში თუ ტანკებისთვის დაშენილი მოლოტოვის კოქტეილი. 

მაიდანმა მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის სოციალური ხელშეკრულება შეცვალა. შეიცვალა ის, თუ რას შეიძლება ელოდოს ხალხი სახელმწიფო აქტორისგან. ამის შესახებ ალბერტას უნივერსიტეტის პროფესორი, ნატალია ბეზბაროდოვა თავის ნარკვევში საუბრობს, სადაც მას მაგალითად 2014 წელს უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვები მოაქვს - კვლევა აჩვენებს, რომ ხალხი სახელმწიფოზე მეტად ქვეყნის მოხალისეობრივ სექტორს ენდობა, იქნებიან ისინი სამხედრო მოხალისეები, ეკლესიის წარმომადგენლები თუ სამოქალაქო აქტივისტები. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება რევოლუციის შემდეგ დრამატულად შეიცვალა, ეს მხოლოდ იმას გამოკვეთს, რომ რევოლუციამ სამოქალაქო საზოგადოებას უკრაინელების ნდობის მანდატი გადასცა, ხოლო სახელმწიფო დარჩა ძალად, რომელსაც მოქალაქეები ყოველთვის ეჭვითა და სიფრთხილით შეხედავენ.

2021 წელს ჰოპკინსის უნივერსიტეტსა და ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროექტის ფარგლებში, მკვლევრებმა იმსჯელეს, თუ რა აერთიანებთ უკრაინელებს 30-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ. ავტორების თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არა დამოკიდებულებები ან ღირებულებები, არამედ "ერთმანეთში გაზიარებული, თითქმის არაცნობიერი ქცევებია, რომელიც უკრაინის მრავალსაუკუნოვანი პლურალისტური ისტორიის შედეგად ჩამოყალიბდა". 

კერძოდ, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ანდრეი ზორინის თქმით, თვითორგანიზაციის ტრადიცია, მაიდანი და მრავალი სხვა, სათავეს ზაპოროჟსკაიას სიჩის კაზაკებიდან იღებს. ენდრიუ ვილსონი კი, თავის წიგნში "უკრაინელები: მოულოდნელი ერი" კაზაკებს თავისუფალ კაცებს უწოდებს, რომლებმაც თავიანთი ავტონომიის შექმნა ძირითადი რეგიონული ძალების - პოლონეთის, მოსკოვისა და ოსმალეთის გავლენის მიღმა შეძლეს.

სიკეთეებთან ერთად, უკრაინის თვითორგანიზების მრავალსაუკონოვანი ტრადიცია თავისთავად ნაკლოვანიცაა. რადგან, შეკრება მაშინ, როდესაც საზოგადოება ამის საჭიროებას ხედავს, ნიშნავს, რომ სხვა ბევრი პრობლემა გადაუჭრელი რჩება. მაგალითად, 2014 წელს, როდესაც უკრაინელმა ხალხმა ვიქტორ იანუკოვიჩის თავიდან მოშორება შეძლო, პოლიტიკურად მოტივირებული ოლიგარქებისა და კორუმპირებული ბიუროკრატიის შესაჩერებლად საჭირო რეფორმების გატარება ვერ მოხერხდა, რამაც მსგავსი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა დატოვა. 

კორუფციის აღქმის ინდექსით, რუსეთის მიღმა, უკრაინა ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა შეფასებით სკალაზე 32-ე ადგილს იკავებს. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რაც პოლიტიკის დისფუნქციურობასთან ერთად ეკონომიკური ზრდის შეფერხებასაც იწვევს. ვინაიდან არცერთ ინვესტორს სურს საკუთარი კაპიტალის ისეთ ქვეყანაში დაბანდება, სადაც მართლმსაჯულების აღსრულების იმედი არ ექნება. 

მიუხედავად არაერთი რევოლუციისა და ომისა, უკრაინამ თავისი მომენტუმის სრულად გამოყენება ერთხელაც ვერ შეძლო. აქამდე, კოლექტიურ ტრავმას მოჰყვებოდა შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკური კრიზისი, სადაც სათავეში ან პოლიტიკურად მოტივირებული და კორუმპირებული აგენტები, ან მეტისმეტად ბუნდოვანი და პოპულისტი ლიდერები მოდიოდნენ, რადგან საზოგადოების მთავარი ფოკუსი არა მომავლისკენ, არამედ არსებულის ნებისმიერი ალტერნატივით ჩანაცვლებისკენ იყო მიმართული. 

ის, თუ როგორ წარიმართება მომავალში თვითორგანიზების საკითხი, უმეტესწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი. თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ კრიზისის დასრულების შემდეგ, კვლავ იმავე პრინციპზე მინდობა აქამდე არაერთხელ დაშვებული შეცდომის გამეორება და არასწორი პოზიციის შენარჩუნება იქნება.

მართალია, ქვეყანა რუსეთის შეჭრიდან 6 თვეში დღევანდელი ფორმით არსებობას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თვითორგანიზების უნარს უნდა უმადლოდეს, თუმცა, დამატებით ღირებულებების გარეშე, უკრაინა ვერასდროს იქნება ისეთი შთამბეჭდავი მშვიდობის დროს, როგორიც ახლა - ომშია.

კომენტარები